ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მეხუთე ტალღა შესაძლოა, ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბერში დაიწყოს, რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მეხუთე ტალღა შესაძლოა, ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბერში დაიწყოს, რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება. მისივე თქმით, მცირდება გარდაცვალების დღიური მაჩვენებელიც.

როგორც გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, ინფიცირების ახალი შემთხვევების კლებასთან ერთად, ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლაც მცირდება.

ამასთან, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიუხედავად ეპიდვითარების გაუმჯობესებული სურათისა, დაწესებული რეგულაციების დაცვა კვლავაც აუცილებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს სჭარბობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემაზე ზემოქმედებაც იკლებს. მოიკლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ. სტაბილიზაციისკენ ტენდენციის მიუხედავად, დღიურად 2 000 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ წესები დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რათა როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს. სიკვდილობის შემთხვევების კუთხითაც კლების ტენდენციაა, აღარ არის დღიურად 90-70 გარდაცვალება, მაგრამ დღევანდელი 56 გარდაცვალების შემთხვევა მძიმეა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ვაქცინაციის სტატისტიკის მიხედვით, ტემპი მცირედით შენელებულია.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, ტემპი დღემდე კარგი იყო. ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 610 000 აცრა. ადმინისტრირებადი ვაქცინებით პირველ ადგილზეა „ფაიზერი“, შემდეგ მოდის „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“. სამწუხაროდ, ვაქცინაციის კუთხით დღეს გვაქვს კლება, რაც პირდაპირ გეტყვით, რომ კარგი არ არის. პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე – რაც სწრაფად ავცრით ადამიანების კრიტიკულ რაოდენობას, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ახალი შტამები ჩნდება და კორონავირუსის მეხუთე ტალღის მოლოდინია, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ახალი შტამები ნელ-ნელა ჩნდება. მუდამ ვაკვირდებით ამას. ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს ძირითადად დელტა შტამი, თუმცა გვაქვს დელტა პლუსის რამდენიმე შემთხვევა. რაც სწრაფად ავიცრებით, მით უფრო ნაკლები იქნება ალბათობა მე-5 ტალღის სიძლიერის. რაც მეტი აცრილი ადამიანი დახვდება მე-5 ტალღას, რომელიც შეიძლება ნოემბრის მეორე ნახევარში, დეკემბერში იყოს, მით უფრო იოლად და მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას და ის არ იქნება ისეთი დამანგრეველი, როგორიც იყო შავი აგვისტო ან ნოემბერ-დეკემბერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.