ამირან გამყრელიძე - კონსილიუმის წევრები თუ იტყვიან, რომ სააკაშვილს ყველაფერი ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ, თუკი იტყვიან, რომ არა, ვენდოთ ექიმებს, რადგან დღეს სააკაშვილი პაციენტია
ამირან გამყრელიძე - კონსილიუმის წევრები თუ იტყვიან, რომ სააკაშვილს ყველაფერი ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ, თუკი იტყვიან, რომ არა, ვენდოთ ექიმებს, რადგან დღეს სააკაშვილი პაციენტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი გაფართოებული კონსილიუმი დაკომპლექტებულია საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის მომზადება. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მისი სურვილია, ყველა დაეყრდნოს გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას, რათა ეს დასკვნა აღასრულონ.

„დღეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა უკვე იმაში, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და ჩვენთვის პაციენტი უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება თუ ასე შემდეგ, არ ვანსხვავებთ ნიშნებით, პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, მას ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რომელიც მას სჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, არის 2001 წელს პაციენტთა უფლებების შესახებ მიღებული კანონის თანაავტორი და აღნიშნავს, რომ პაციენტის უფლება ერთ-ერთი უზენაესია.

„მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი 2001 წელს მიღებული პაციენტის უფლებების შესახებ კანონის, რომელიც იყო ერთ-ერთი დიდი გარღვევა მაშინდელი დემოკრატიზაციის პროცესში. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ამ ტიპის კანონი მიიღო, სადაც პაციენტის უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე უზენაესი და მას უნდა უტარდებოდეს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარება. ამავე დროს, იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც საქართველოში გააუქმა სიკვდილით დასჯა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან შესაძლებელია, უახლოეს მომავალში საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.

„გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ტყუილად არ ვთქვი, რა თქმა უნდა, მე როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა როგორც თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება, განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. ამიტომ, ძალიან ვენდობი შექმნილ კონსილიუმს. იქ არიან საქართველოს ხუთი გამორჩეული ექიმი. თითოეულ მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ და უაღრესად დიდ პატივს ვცემ. ექიმები უხშირესად აპოლიტიკური ხალხი ვართ და პაციენტი ჩვენთვის პაციენტია. მეორე, ალტერნატიულ კონსილიუმშიც ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან და ასევე ძალიან მაღალი დონის ექიმები. ჩემი წინადადებაა, სურვილი, მოწოდება, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ის უკვე პაციენტია და იმ ზღვარზე შეიძლება მივიდეს, როდესაც საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები და დახმარება. მოგეხსენებათ, შიმშილობის შემდგომაც, რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ რთულია და დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნა. მათ თქვან, რა ტიპის მონიტორინგი სჭირდება დღეს სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს.

ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსებმა, მედიამ გვერდზე გავწიოთ ეს პოლიტიკური საკითხები და ვკონცენტრირდეთ ჯანდაცვით საკითხებზე. ამის გადაწყვეტილება მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს. ის შექმნილი კონსილიუმი, როგორც ერთი, ისე მეორე, არის საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის დადება. კეთილი ვინებოთ და შემდეგ ეს დასკვნა აღვასრულოთ. ვისურვებდი, დღეს ჩვენ დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას. თუ კონსილიუმის წევრები იტყვიან, რომ ჯობია, პაციენტს ყველაფერი ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ მათ. თუ იტყვიან, რომ არა, აქ შეიძლება ყველაფრის გაკეთება, ვენდოთ ექიმებს და პოლიტიკა ჩამოვაშოროთ ამ საკითხს, რადგან დღეს ის პაციენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.