ამირან გამყრელიძე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით „სინოფარმის“ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება
ამირან გამყრელიძე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით „სინოფარმის“ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება.

მისივე თქმით, ავტორიზაციის შემდეგ დასახელებული ვაქცინა მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ე.წ. გადაუდებელი მდგომარეობის დროს გამოყენებაზე ამ ეტაპამდე ჰქონდა ხუთ ვაქცინას, ესენია: „ფაიზერი“, ახლა მიიღო „მოდერნამ“, „ასტრაზენეკას“ ორ ვაქცინას ჰქონდა ინდური და კორეული წარმოებისას, ასევე „ჯონსონ ენდ ჯონსონს“. „სინოფარმი“ არის მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია. დიდი ხანია, ჩინეთს წარდგენილი ჰქონდა „სინოფარმი“, ისევე როგორც „სინოვაკი“ აქვს წარდგენილი ავტორიზაციაზე. „სინოფარმი“ გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში და აქვს ამ ქვეყნების ავტორიზაცია. ახლა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც ავტორიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება. ამავდროულად, ის ხელმისაწვდომი ხდება მეტი ქვეყნისთვის, რადგან ნდობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისადმი არის ისეთივე მაღალი, როგორიც გახლავთ ევროპის წამლის სააგენტოს თუ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიმართ.

ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი რანგი ავტორიზაციის. ამ ეტაპზე „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით. ეს არის განსაზღვრული 50 ათასი ადამიანისთვის. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ეტაპობრივად კიდევ ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ მოწოდებაზე. ამავე დროს, რადგან მან მიიღო უკვე  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით ის განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“, რომელიც უკვე „კოვაქსის“ წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც „კოვაქს პლატფორმაზე“ იქნება განთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო