ამირან გამყრელიძე - ინფექციის გატანის რისკი მაღალია, რადგან ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას მოსახლეობის უმრავლესობა ბაზრობებზე მუშაობს
ამირან გამყრელიძე - ინფექციის გატანის რისკი მაღალია, რადგან ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას მოსახლეობის უმრავლესობა ბაზრობებზე მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით, განსაკუთრებით რთული ვითარება დღეს გაჩიანის დასახლებაშია.

მისივე თქმით, შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გაჩიანის დასახლებაში შემავალ სოფლებში – ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში ფიქსირდება.

„განსაკუთრებულად ცხელი წერტილი დღეს გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის დასახლება, სადაც სამი სოფელი შედის – ყარაჯალარი, აღთაკლია და ყარათაკლია. აქედან ორ სოფელში, ყარაჯალარში და ყარათაკლიაში გვაქვს შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, ერთად აღებული 34. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან ათი სწორედ ე.წ. გაჩიანის კლასტერზე მოდის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა გაჩიანის დასახლებაში მიმდინარე ღონისძიებებზე, მაგალითად, როგორიცაა შესასვლელ-გამოსასვლელებში თერმოსკრინინგი.

თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ მოსახლეობის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება და გუშინ 350 ნიმუშზე მეტის აღება ვერ მოხერხდა.

„შვიდი გზა შედის ამ სოფლებში და ყველა  შესასვლელ-გამოსასვლელში ტარდება თერმოსკრინინგი, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. ჩვენ გუშინ დავიწყეთ გაფართოებული კვლევები. იქ ცხოვრობს დაახლოებით, 7 ათასი მოსახლე და გვინდოდა, ამ კვირაში ისინი სრულად გამოგვეკვლია, დაგვედგინა, ვინც იყო დადებითი. ჩვენ გვაქვს დაახლოებითი გათვლები, რომ ალბათ, ინფიცირებული იქნება სადღაც მოსახლეობის 5-დან 7-10 პროცენტამდე. გვინდოდა, მათი სრული იზოლაცია მომხდარიყო და მოხდეს სამკურნალოდ გადაყვანა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული ღონისძიებების გატარება რადიკალურად შეამცირებს ინფექციის გატანის რისკს, რადგან ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას  მოსახლეობის უმრავლესობა სხვადასხვა ბაზრობაზე მუშაობს.

„იქნება ეს რუსთავის, ლილოს ბაზრობა, თბილისი, სხვადასხვა ბაზრობა. ამიტომ დიდია და მაღალია ინფექციის გატანის რისკი. სამწუხაროდ, მოსახლეობიდან ეს შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ბრიგადა მუშაობდა ადგილზე, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა ექვსი ბრიგადის საშუალო სიმძლავრე სადღაც 700-დან 1000 ნიმუშამდეა. 350-დან 10 გახლდათ დადებითი, ანუ, იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან, მეტი დამყოლობა, ჩვენ გვინდა, დროულად გამოვავლინოთ ინფექცია და ჩავაქროთ ცხელი წერტილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.