ამირან გამყრელიძე - ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთულია, არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს
ამირან გამყრელიძე - ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთულია, არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია. როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს.

„ძალიან არის გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი. 7 000-მდე ადამიანი წევს ჰოსპიტალში, 1 665 მძიმე პაციენტია, ხელოვნური ვენტილაციაზე 368 პირი. ძალიან გადატვირთულია და ზღვარზეა ჰოსპიტალური სექტორი. მარტი საწოლები ხომ არ არის, ადამიანები არიან ექიმები, ექთნები, სამედიცინო პერსონალი, ვინც ემსახურება ამას. ამ პროცესს გააჩერებს მხოლოდ აცრები, მეტი ვერაფერი. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და დააწყნარონ სიტუაცია. ერთადერთი, რაც გააჩერებს ამას, არის აცრა და იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის მოწოდებული. პირველ რიგში პირბადე, ყველას ვთხოვ. 37%-მდე არის შემცირებული პირბადის ტარების მაჩვენებელი. ეს არის საგანგაშო ციფრი. არავინ არაფერს არ იცავს და რა თქმა უნდა, გვექნება შემთხვევების მატება.

არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს. თუ ყოველდღიურად 4 000-5 000 შემთხვევა გვექნება, რა თქმა უნდა, სამედიცინო სექტორი გადაიტვირთება, აღარ იქნება ადგილი. საველე ჰოსპიტლებიც სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი სეგმენტია და საჭირო გახდება მათი გახსნა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.