ამირან გამყრელიძე - გვინდა, რომ მომავალ კვირაში 40-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატოს, რათა მაისის თვეში დაახლოებით 5 500 დღიურ აცრამდე ავიდეთ
ამირან გამყრელიძე - გვინდა, რომ მომავალ კვირაში 40-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატოს, რათა მაისის თვეში დაახლოებით 5 500 დღიურ აცრამდე ავიდეთ

გვინდა, რომ მომავალ კვირაში 40-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატოს, რათა მაისში დაახლოებით 5 500 დღიურ აცრამდე ავიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, დაიწყება თუ არა „სინოვაკით“ ვაქცინაცია ავტორიზაციის მინიჭებამდე, ამაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს.

სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ დამზადების მეთოდოლოგია იგივენაირია. ინაქტივირებული ვირუსია, სხვადასხვა კომპანია უშვებს. ავტორიზაციის მინიჭებამდე „სინოვაკით“ ვაქცინაციას დავიწყებთ თუ არა, ეს იმუნიზაციის საბჭოს გადასაწყვეტია. მოგეხსენებათ, საკმაოდ გაინტენსიურდა მოთხოვნა ჩინურ ვაქცინაზე. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 28 000-29 000-მდე ადამიანი იყო ჩაწერილი „სინოფარმზე“ და 7 000-მდე აცრილია ამ ვაქცინით. მომავალ კვირაში იქნება საბჭო და ვისმჯელებთ.

ამავე დროს მოგეხსენებათ, რომ ეს დოკუმენტაცია ქართულად მზადდება, ბრძანებაში დამატება უნდა გაკეთდეს ქართულად, ასევე ამცრელ კაბინეტებს ინსტრუქციები ქართულად უნდა დაეგზავნოთსინოვაკთან“ დაკავშირებით, ანუ ერთი-ორი კვირა ეს მოსამზადებელი პერიოდი იქნება.

ამავდროულად ჩვენ ვაფართოებთ აცრის მასშტაბებს, გუშინ გვქონდა 3 846 აცრა, მათ შორის 2 000 იყო „სინოფარმზე“. გვინდა, რომ მომავალ კვირაში დაახლოებით 40 ამცრელი კაბინეტი დაემატოს ქვეყანაში, რათა გაფართოვდეს და მაისის თვეში დაახლოებით 5 500 დღიურ აცრამდე ავიდეთ. რა თქმა უნდა, აქ „სინოვაკიც“ გარკვეულ პერიოდში ჩაერთვება აქტიურად, რადგან ისიც შედარებით ადვილად ადმინისტრირებადია, ანუ ერთდოზიან ფლაკონებშია, დანაკარგი არ გაქვს, ისიც ინახება +2 დან +8 გრადუსამდე და სხვადასხვა კვლევით, მისი ეფექტურობაც დაახლოებით 70 პროცენტს ზევითაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.