ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით დაინფიცირების დეკემბრის შემთხვევები ბოლო კვირასთან შედარებით შემცირებულია.
მისივე თქმით, გრიპის სეზონი ქვეყანაში კიდევ სამივე თვე გაგრძელდება.
„დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 312 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, იანვრის პირველ კვირას გვაქვს 191, ანუ უფრო სიმშვიდესკენ მიდის სიტუაცია. ამასთან, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით სამი პროცენტით მომატებულია, თუმცა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებულია. ჯერ შორს ვართ ეპიდემიურ ზღვართან, მაგრამ კიდევ სამი თვეა გრიპის სეზონი. რისკჯგუფს წარმოადგენენ ორსულები და ბავშვები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ ჩვენ სტრატეგიულ მარაგში გვაქვს ვაქცინა და სასურველია, აცრილები იყვნენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა.
„აუცილებელია საერთო ჰიგიენური წესების დაცვა, ხშირად ხელების დაბანა, ხშირად სველი წესით სახლის თუ სამუშაო ადგილის დალაგება, განიავება. მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, არ ვიყოთ ახლოს გრიპიან ავადმყოფთან და რაც მთავარია, პირველივე სიპტომების შემთხვევაში, მივმართოთ ექიმს. განსაკუთრებით ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს მივმართავ, თუ მათ ეწყებათ მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, შემცივნება, სახსრების ტკივილი, აუცილებლად მიმართონ ექიმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.