ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს 
ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სეზონური გრიპის ვირუსი ორი კვირის წინ დაფიქსირდა, თუმცა ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

მისივე თქმით, მსუბუქი სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია სახლში დარჩენა, რათა გართულების და გავრცელების საფრთხე იქნას აცილებული.

„განსაკუთრებულ სირთულესთან ჯერ არ გვაქვს საქმე. ზამთარში ვირუსული ინფექციები მათ შორის გრიპი აქტიურდება. უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ლაბორატორიულად ფიქსირდება გრიპის ვირუსი. მანამდე ბევრი რესპირატორული ვირუსი ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსის გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული კლინიკური სიმპტომები. თანდათან იზრდება გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა, როგორც ამბოლატორიებში, ისე საავადმყოფოებში. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსი უხშირეს შემთხვევებში გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ 25-30%-ში გვაქვს სერიოზული გართულებები, რომელიც განსაკუთრებით ბავშვთა, მოხუცთა და ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებშია. როდესაც ბავშვს ერთ დღეზე მეტხანს აქვს ტემპერატურა, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს, პედიატრს და მოიქცეს ისე, როგორც ის დაარიგებს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ეპიდემიის საფრთხეს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ზრდის ტენდენცია არის, თუმცა ეპიდემიის საფრთხე არ არის.