ამირან გამყრელიძე - გარდაბანში გვიჭირს მოსახლეობის დარწმუნება, რომ კორონავირუსი არსებობს, კარგად მოგვყვებიან ლილოს ბაზრობაზე, სადაც უკვე 1000-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ
ამირან გამყრელიძე - გარდაბანში გვიჭირს მოსახლეობის დარწმუნება, რომ კორონავირუსი არსებობს, კარგად მოგვყვებიან ლილოს ბაზრობაზე, სადაც უკვე 1000-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესი შედეგი დროულმა და მულტისექტორულმა საპასუხო ღონისძიებებმა განაპირობა.

გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება არ მოადუნონ.

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ცოტა მოვეშვით და ეს არ შეიძლება. რომელიმე ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყანასთან ან ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი შედეგი დავდეთ იმიტომ, რომ გვქონდა ადრეული, დროული და მულტისექტორული პასუხი. ყოველმხრივ იმუშავეს, საზღვარმა იმუშავა, პოლიციამ იმუშავა, ჩემს კოლეგებზე აღარ ვსაუბრობ, ქვეყანაში კარანტინის სისტემამ იმუშავა ძალიან კარგად და დღესაც მუშაობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში, საკარანტინო სივრცეებში დაახლოებით 200-დან 250-მდე ინფიცირებული გამოვლინდა.

„ეს ნიშნავს, რომ თითოს ორზე, სამზე გადაედო. ე.ი. 500-600-700 შემთხვევა ავიცილეთ თავიდან კარანტინებიდან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ ეს პროცესი ქვეყანაში ისევ გრძელდება. შემსუბუქება ყველა მიმართულებით წავიდა. შემსუბუქებას ყოველთვის ახლავს ცოტა მატება. წინა კვირაში რაც გვქონდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს წინა კვირის მატება მაინც იყო ორი ცხელი წერტილის ხარჯზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გარდაბანში უჭირთ მოსახლეობის დარწმუნება, რომ კორონავირუსი მართლაც არსებობს.

„სამწუხაროდ, არ მოგვყვებიან. კარგი დამყოლობა გვაქვს ლილოს ბაზრობაზე. დღევანდელი რიცხვით, დაახლოებით ათასამდე ადამიანი გამოვიკვლიეთ ლილოს ბაზრობაზე, რადგან გარდაბანს და ლილოს ჰქონდა კვეთა, ასევე, ლილოს ჰქონდა კვეთა კიდევ ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახთან, რომელიც მუშაობდა ლილოს ბაზრობაზე. კვლევებით, დროული იზოლირებითა და კარანტინიზაციით სწრაფი გავრცელება თავიდან ავიცილეთ.

თუ ჩვენ, მოსახლეობა დავიცავთ ამ ელემენტარულ წესებს, ანუ პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, ხელების ხშირი დაბანა. ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც ჩატარდა პანდემიის პერიოდში, ეს იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და ქვეყანამ კარგად ჩაატარა, ჩვენ არსად დიდი ეპიდაფეთქება არ მიგვიღია. ერთი შემთხვევა იყო ინფიცირების და იმ ახალგაზრდასაც მივეცით საშუალება, გამოცდა ჩაებარებინა. ვიცი წარმატებული იქნება და წარმატებას ვუსურვებ მას. ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“.