ამირან გამყრელიძე - „ფაიზერის“ ვაქცინის 2 500-მდე დოზა გადადებულია სხვადასხვა კატეგორიისთვის, უპირატესობა აქვთ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც დასავლეთის უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად
ამირან გამყრელიძე - „ფაიზერის“ ვაქცინის 2 500-მდე დოზა გადადებულია სხვადასხვა კატეგორიისთვის, უპირატესობა აქვთ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც დასავლეთის უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად

ჩვენი პორტალი გახსნილი იყო დაახლოებით 12 000-იანი ლიმიტით, მაგრამ პირველ დღეს დაჯავშნილი იყო 11 000-ზე მეტი ადგილი. დაახლოებით პირველ 5-10 წუთში 100-დან 120 000-მდე ადამიანი ცდილობდა დაჯავშნას, მოახერხა მხოლოდ იმდენმა, რაც ლიმიტი გვქონდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 500 დოზამდე „ფაიზერის“ ვაქცინა გადანახულია სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლისთვის, მათ შორის, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, უპირატესობა აქვთ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში მიდიან სასწავლებლად.

„იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დოზების დარჩენილი ნაწილი გამოყენებულია ქართველ სტუდენტებზე, რომლებიც დასავლეთის უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად, ასევე იმ პირების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სხვადასხვა მძიმე დაავადების გამო ბოლო ორი თვის განმავლობაში სამინისტროში განცხადებები ჰქონდათ შეტანილი, ასევე ორგანოგადანერგილებზე.

დაახლოებით 11 646  ჯავშანი არის გაკეთებული, დანარჩენი 2 500-მდე დოზა გადადებულია, უპირატესობა აქვთ ქართველ სტუდენტებს. „ფაიზერით“ უკვე აცრილია 340-მდე ქართველი სტუდენტი და კიდევ იცრება. განცხადება აქვს 200-მდე ქართველ სტუდენტს, ვინც მიემგზავრება დასავლეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად. იცით, იქ წესია, რომ კამპუსზე უნდა იყოს ორჯერადად აცრილი ადამიანი და ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს სწორედ „ფაიზერს“. ამიტომ იქნა იმუნიზაციის საბჭოს მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებული. კიდევ დაახლოებით 1 000-ზე ცოტა მეტი განცხადებაა და ამ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ექიმის რეკომენდაცია გაცემული. ასევე, გარკვეული ჯგუფია ორგანო გადანერგილებისა, ვისაც ჩვენ ვცრიდით „ფაიზერზე“ და დარჩენილი არიან ვისაც სურს, აიცრან. დარჩენილი დოზები მეორე პარტიას შეუერთდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ფაიზერი“ ექვსდოზიან ამპულებშია, რის გამოც მაქსიმალურად უფრთხილდებიან, რომ ვაქცინების დანაკარგი მინიმალური იყოს.

„ჩვენ მომავალ კვირაშიც ველოდებით დამატებითი დოზების შემოსვლას. „ფაიზერი“ არის ექვსდოზიან ამპულებში და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, რომ დანაკარგი იყოს მინიმალური“, – განაცხადა გამყრელიძემ.