ამირან გამყრელიძე - ერთი წუთით დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს ის, რომ ვირუსის ერთეული შემთხვევა გვაქვს და საქართველო ოაზისად გამოიყურება
ამირან გამყრელიძე - ერთი წუთით დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს ის, რომ ვირუსის ერთეული შემთხვევა გვაქვს და საქართველო ოაზისად გამოიყურება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

მისივე თქმით, გლობალურად, ეპიდემიოლოგიური კუთხით ვითარება უარესდება და ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მატულობს.

აქედან გამომდინარე, გამყრელიძე მოსახლეობას კვლავ წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

„გუშინ და დღეს იყო განცხადებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ბატონი ტედროსის, რომელიც ამბობს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი მზარდია. ეს არის 110-დან დაახლოებით 150 000 ახალი შემთხვევის ფარგლებში.

ამიტომ ის გვეუბნება იმას, რასაც ასევე გეუბნებით მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, რომ საქართველოში ჩვენ რომ გამოვიყურებით დღეს გარკვეულ კუნძულად და ოაზისად ირგვლივ მყოფ ქვეყნებს შორის, ეს ერთი წუთით დამშვიდების უფლებას არ გვაძლებს. ის, რომ დღიურად გვაქვს ერთეული შემთხვევები, სრულიად არ იძლევა დამშვიდების უფლებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა, ამისთვის მუდმივად მზად უნდა იყვნენ.

„მეორე ტალღა იქნება, თუ არ იქნება, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს როგორც საზოგადოებრივი, ისე ზოგადად ჯანდაცვის სისტემა, ამაზე ვმუშაობთ სერიოზულად. მზადყოფნის რეჟიმი უნდა იყოს, რომ თუ იყო შემთხვევათა მეტი რაოდენობა, ისინი იმართოს ისევე ეფექტურად, როგორც დღეს იმართება. საკმაოდ კარგია 86 პროცენტი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, გლობალურად ეს მაჩვენებლი არის 54 პროცენტი. ანუ, აქაც კარგად გამოიყურება ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ასევე, მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი არ იცავს, უმთავრესი ნაწილი, და მადლობა მათ, პატიოსნად იცავს ამ რეკომენდაციებს, ხმარობს პირბადეს, სადაც აუცილებელია, იცავს დისტანციას, სადაც აცუცილებელია და ა.შ. ეს უნდა გავაგრძელოთ, რათა ქვეყანაში მეორე ტალღის პრევენცია გავაკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.