ამირან გამყრელიძე - ექიმებში დაახლოებით 21 პროცენტია აცრილი, რაც არ არის ცუდი, მაგრამ არც საუკეთესო მაჩვენებელი, ვფიქრობ, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი მოიმატებს
ამირან გამყრელიძე - ექიმებში დაახლოებით 21 პროცენტია აცრილი, რაც არ არის ცუდი, მაგრამ არც საუკეთესო მაჩვენებელი, ვფიქრობ, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი მოიმატებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედპერსონალის 65 000 წარმომადგენლიდან ამ დროის მონაცემებით დაახლოებით 13 000-ია აცრილი.

მისივე განმარტებით, უშუალოდ ექიმებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 21 პროცენტს აქვს გაკეთებეული. გამყრელიძე ექიმების შემთხვევაში ამბობს, რომ ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა არც საუკეთესო.

რაც შეეხება მთლიანად სამედიცინო პერსონალს, გამყრელიძე განმარტავს, თუ რატომ არ არის აცრილი დიდი ნაწილი. ამირან გამყრელიძის თქმით, სპეციალურ პორტალზე რეგისტრირებული 65 000 მედპერსონალიდან დაახლოებით 33-მა პროცენტმა მოიხადა კორონავირუსი და საქართველოში მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ინფექციის გადატანიდან 120-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ აიცრებინ.

„65 000-მდე მედპერსონალია დარეგისტირებული სპეციალურ პორტალზე, როცა ყველა სამედიცინო დაწესებულებამ ატვირთა მონაცემები თავისი თანამშრომლების – ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი. დღევანდელი მონაცემებით, 65 000-დან დაახლოებით 12 000 -13 000 ადამიანი, ცოტა მეტი არის ცრილი, მათ შორის უმრავლესობა ექიმები არიან აცრილი.

რაც შეეხება იმას, რატომ არ აიცრნენ დანარჩენები, ორი ფაქტორია – სამედიცინო სფერომ სამწუხაროდ მიიღო ყველაზე მეტი დარტყმა, ინფიცირებულთა შორის 7-8 პროცენტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. სამედიცინო სფეროს ამ 65 000 ადამიანიდან 30-მა, 33-მა პროცენტმა გადაიტანა ინფექცია, ასევე 100-ზე მეტი ჩვენი კოლეგა შეეწირა ამ პანდემიას.

ჩვენთან არსებობს რეგულაცია, რომ ინფექციის გადატანიდან 120 დღის შემდეგ უნდა აიცრას. ამიტომ ვფიქრობ, სამედიცინო პერსონალის აცრის ინტენსიფიკაცია მოიმატებს, როცა ჩვენ ასევე ვაქცინების საკმარისი რაოდენება გვექნება. დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომაზე ეს პროცენტი უფრო მაღალი იქნება. ექიმებში დაახლოებით 21 პროცენტია აცრილი, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ არც საუკეთესო. სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი ინფიცირებული იყო, მათ შორის მე და ამიტომ გვიან ავიცერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.