ამირან გამყრელიძე - ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ სრული დამშვიდებისკენ ჯერ შორს ვართ, აცრის მაჩვენებელი სერიოზულად მცირდება, სტრატეგია უნდა შევცვალოთ
ამირან გამყრელიძე - ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ სრული დამშვიდებისკენ ჯერ შორს ვართ, აცრის მაჩვენებელი სერიოზულად მცირდება, სტრატეგია უნდა შევცვალოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, გაუმჯობესებულია.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, ეს სრული დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„აგვისტოსთან შედარებით მდგომარეობა ბევრად უკეთესია. ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს – ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი და ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობაც კლებისკენ არის. დადებითობის მაჩვენებელი განსაკუთრებით ერთი კვირაა, 7 პროცენტს ჩამოცილებულია. ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ სრული დამშვიდებისკენ ჯერ შორს ვართ. იგივე 1 132 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, არ არის ცოტა. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

„სიკვდილიანობის პიკი გადავლილია, სიკვდილიანობა ნელი ტემპით იკლებს. ოცდაათიც ბევრია და უნდა ჩამოვიდეს ერთეულებამდე. ერთეულებამდე სიკვდილიანობის ჩამოსვლა პირდაპირ პროპორციულია აცრებთან. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით ნაკლები იქნება სიკვდილიანობა. 500 000 სრულად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. უნდა იყოს დიდი სოლიდარობა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობის დიდი პროცენტი მოდის ხანდაზმულებზე. ამიტომ რაც მეტი ხანდაზმული, რაც მეტი ახალგაზრდა აიცრება, მით ნაკლები გვექნება სიკვდილიანობა. განსაკუთრებით გასააქტიურებელია აცრები. ბოლო ერთი კვირაა, აცრის მაჩვენებელი სერიოზულად მცირდება. გვაქვს 13 000 დღიური აცრა, როცა სექტემბრის საშუალო აცრა 20 000-ზე მეტია. ჩვენ ვგეგამვდით, სექტემბერში დღიურად 30 000-მდე აცრაზე ავსულიყავით, რათა სწრაფად მიგვეღწია საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება, დამყოლობა მცირდება და ახლა უნდა შევცვალოთ სტრატეგია აცრებთან მიმართებაში. თუ აქამდე მოსახლეობა აქტიურობდა და თვითინ მოდიოდა ამცრელ პუნქტებში, ახლა პირიქით, უფრო აქტიურად ამცრელი პუნქტები უნდა მივიტანოთ მოსახლეობასთან. უნდა გააქტიურდეს პირველადი ჯანდაცვა. გუშინ კახეთში ვიყავი. გვპირდებიან, რომ რთველის დამთავრების შემდეგ გააქტიურდება პროცესი. კახეთში ეპიდვითარება არ არის კარგი და აქტიური აცრები ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მთელ რიგ რეგიონებში. შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს აცრების კუთხით თბილისში, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 40%-ზე მეტია აცრილი, ასევე არაუშავს აჭარაში, სადაც 30%-ზე მეტია აცრილი, დანარჩენი რეგიონები ჩამორჩებიან. ამ სამი თვის განმავლობაში გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვხვდებით რეგიონულ წარმომადგენლებს და ვთხოვთ, თითოეული სოფლისთვის იყოს მიკროდაგეგმარების გეგმა, ამ 90 დღის განმავლობაში თითოეულ დღეს თითო სოფელში რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს აცრილი, რომ მობილური ბრიგადებით მივიდეთ მოსახლეობასთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.