ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, დავიცვათ რეკომენდაციები, საჭიროა თვითშეგნება, რომ პირბადე განსაკუთრებით აუცილებელი ატრიბუტია
ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, დავიცვათ რეკომენდაციები, საჭიროა თვითშეგნება, რომ პირბადე განსაკუთრებით აუცილებელი ატრიბუტია

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო ორი კვირაა, გაუმჯობესებისკენ მიდის, მაინც ძალიან საყურადღებოა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად გვაქვს 1 800-2 500-ის ფარგლებში. 5 000-6 000-ის  ფარგლებში რომ აღარ გვაქვს კარგია, მაგრამ 1 800 ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია. ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი შემცირებულია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში თანდათან სტაბილიზაციისკენ მიდის. ასევე, ბოლო რამდენიმე დღეა, ყველაზე მძიმე ინდიკატორი რაც არის, სიკვდილიანობა, დაიწყო კლება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს 39 არის გარდაცვლილი და ეს მნიშვნელოვანი ციფრია, მაგრამ აღარ არის 60 და 70, რაც გვქონდა პიკზე. სტაბილიზაციისკენ მივდივართ ნელი ტემპით და საჭიროა, ყველა იმ რეკომენდაციის და ღონისძიების გატარება, რაც ხშირად ჟღერდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, რაც მობილობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„განსაკუთრებით ხვალიდან, როდესაც მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს მობილობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მობილობის ზრდა კი რისკია შემთხვევების ზრდის. აქედან გამომდინარე, თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გავითავისოთ და დავიცვათ პირველ რიგში, პირბადის ტარების რეკომენდაცია ყველგან. განსაკუთრებით არ შეიძლება ტრანსპორტში ადამიანი პირბადის გარეშე იყოს. ეს უნდა გაითვალისწინონ ზედამხედველობის ორგანოებმა, ვინც აკვირდება ამ პროცესს და პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა. არ არის საჭირო ყოველთვის კონტროლი, საჭიროა ჩვენი თვითშეგნება, რომ პირბადე განსაკუთრებით აუცილებელი ატრიბუტია. უნდა ვერიდოთ ტრანსპორტის გადაჭედვას. რამდენადაც ვიცი, უფრო ხშირად იქნება მეტროსადგურში მატარებლების მოძრაობა, შემცირდება ინტერვალი, რაც არ გადაჭედავს ვაგონებს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

„აუცილებელია ასევე ინტენსიურად ავიცრათ. უნდა აიცრას გაცილებით მეტი. ჩვენ გვინდა, ეს იყოს 30 000-35 000 დღიურად, რომ სწრაფად შეიქმნას ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რომელიც სწრაფად შეაკავებს ეპიდსიტუაციის გაუარესებას ქვეყანაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.