ამირან გამყრელიძე - ეპიდემიის მართვის ერთ-ერთი მთავარი ღერძი გადის ოჯახის ექიმებზე, პაციენტის დასამშვიდებლად ექიმთან საუბარს დიდი მნიშვნელობა აქვს
ამირან გამყრელიძე - ეპიდემიის მართვის ერთ-ერთი მთავარი ღერძი გადის ოჯახის ექიმებზე, პაციენტის დასამშვიდებლად ექიმთან საუბარს დიდი მნიშვნელობა აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიის მართვის პროცესში ოჯახის ექიმების როლი მნიშვნელოვანია.

გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა საოჯახო მედიცინის ერთ-ერთ სპეციალისტს, რომელიც კახეთში ინფიცირებულებს უვლის და ოჯახის ექიმებს ტრენინგებს უტარებს.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს ვინ არის მისი ექიმი და საჭიროების შემთხვევაში, გაესაუბროს.

„რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, ეს არის მთავარი რგოლი, ოფიციალურად მეძლევა უფლება და მადლობა მინდა გადავუხადო ერთ ძალიან კარგ ქართველ ახალგაზრდას. დათო მრელაშვილი ჩამოვიდა ამერიკიდან, არის ტელემედიცინისა და საოჯახო მედიცინის კარგი სპეციალისტი, მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. კახეთში უვლის დიდი რაოდენობით ადამიანს და იქ ოჯახის ექიმებს დამატებით ასწავლის, ტრენინგებს უტარებს, როგორ მართონ ონლაინ რეჟიმში ბინაზე მყოფი ადამიანები. კარგად წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ექიმის ზარი, ამიტომ თუ გახსოვთ, ჩემი სლოგანი იყო, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონი, არ არის აუცილებელი დაკავშირება 112-ის საშუალებით. თუ იცი, ვინ არის შენი ოჯახის ექიმი, აიღე ტელეფონი და გაესაუბრე. ძალიან დიდი დამამშვიდებელი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის ექიმთან საუბარს, განკურნებისა და მართვის დიდი პროცენტი მოდის საუბარზე. აქედან გამომდინარე, დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, მიმართულება ღერძი ეპიდემიის მართვისა გადის ოჯახის ექიმებზე. ჩვენ გვყავს 1 200-მდე სოფლის ექიმი, იგივე ოჯახის ექიმი, დაახლოებით 2 000-მდე ოჯახის ექიმი, რომლებიც ე.წ. პოლიკლინიკებში მუშაობენ. ეს დიდი არმიაა ექიმების.

ასევე, იცით, რომ მობილიზაციისკენ მოვუწოდეთ პენსიაში გასულ ადამიანებს, მინდა, მადლობა გადავუხადო, რამდენიმე ჩვენს ცნობილ ექიმს აქაც და უცხოეთშიც, რომლებიც მესენჯერებით, ვოთსაფით და ა.შ. მართავენ ბევრ ადამიანს, უკავშირდებიან მათ ჩვენი პაციენტები ან ისინი უკავშირდებიან. ამ ურთიეთთობას აქვს დიდი მნიშვნელობა. სწორედ ამ ახალგაზრდა ექიმმა, რომელიც კახეთის რეგიონში ეხმარება ჩვენს მოსახლოებას, დისტანციური ურთიერთობის ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა და მინდა, ეს მაგალითი მთლიანად საქართველოზე განივრცოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.