ამირან გამყრელიძე ეკლესიას მიმართავს - გთხოვთ, გვერდით დაგვიდგეთ, ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა
ამირან გამყრელიძე ეკლესიას მიმართავს - გთხოვთ, გვერდით დაგვიდგეთ, ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პანდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით ეკლესიის როლზე ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, ჯერ კიდევ ეპიდემიის დასაწყისში ეკლესიამ მოსახლეობის დამყოლობაში დიდი როლი ითამაშა.

გამყრელიძემ ამ როლს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და ეკლესიას მოუწოდა, ექიმებს გვერდით დაუდგნენ, რათა ვაქცინაციის სიკეთის შესახებ ადამიანების ნდობა გაიზარდოს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესია გახლავთ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ავტორიტეტული ორგანიზცია. ჩვენ, ყველას გვჯერა ეკლესიის. მინდა, მადლობა  ვთქვა, რადგან პანდემიის დაწყების პერიოდში თავისი პოზიციით მთლიანად ეკლესია მოგვეხმარა, განსაკუთრებით მისი უწმინდესობა და უნეტარესობა და ჩვენ მინიმალური დანაკარგით გამოვედით.

იცით, რა რთული პერიოდი გვქონდა წინასააღდგომო, აღდგომის პერიოდი, ასევე აღდგომის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო. ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, აღვნიშნო, რომ  წმინდა სინოდი, თითოეულ მღვდელმთავრის როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია.

ტყუილად არ მითქვამს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინებმა და ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული. მოგეხსენებათ, მეცნიერებას და ეკლესიას ყოველთვის აქვს ძალიან სინერგიული დამოკიდებულება. კარგად მოგეხსენებათ, ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს. ვაქცინაციის სიკეთე სწორედ მეცნიერულად არის დადასტურებული და გამოსცადა კაცობრიობის ისტორიამ. ძალიან გთხოვთ, გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშროლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი შეხვედრისთვის. ყოველთვის ასეა და დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, ერთად სასურველ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.