ამირან გამყრელიძე -  ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტებიდან გუშინ 100-მდე პირი გამოვიკვლიეთ, კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა
ამირან გამყრელიძე - ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტებიდან გუშინ 100-მდე პირი გამოვიკვლიეთ, კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველადი ინფიცირებულის კონტაქტებიდან გუშინ 100-მდე პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

„გვაქვს 26 ახალი შემთხვევა. აქედან 18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს ქვეყანაში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტს და კერძოდ ყველაზე ცხელ წერტილს თვითონ ბოლნისის მუნიციპალიტეტში – ეს არის, სოფელი მუშევანი. პარასკევს ჩვენ მუშევანში გვქონდა დიდი აქცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი იქნა გამოკვლეული და დადასტურდა გუშინ 18 შემთხვევა. აქედან 17 მუშევანიდანაა, ერთი გახლავთ კონტაქტი – სამედიცინო დაწესებულების მძღოლი. ოთხი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე.წ. გავრცელებული საბურთალოს კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გამოვიკვლიეთ გუშინ დაახლოებით 100-მდე კონტაქტი პირველადი ინფიცირებულის და იქიდან დაგვიდასტურდა ოთხი შემთხვევა. დანარჩენი ოთხი შემთხვევა გახლავთ საკარანტინო ზონებიდან“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის 783 შემთხვევა, აქედან 605 გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი