ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით

ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს.

მისივე თქმით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

„ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს ინფიცირებულთა აბსოლუტური რიცხვი  დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს ევროპაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ აჭარის რეგიონი ლიდერობს, თუმცა ნელ-ნელა შემცირების ტენდენცია იკვეთება.

„გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელი გვაქვს აჭარის რეგიონში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ რეგიონზე მოდის ახალი შემთხვევების 65-70 პროცენტი. ამდენად, ამ რეგიონში გვაქვს შემთხვევები, სადაც ინფიცირების პირველწყაროზე ვერ გავდივართ.

როდესაც 9-10 სექტემბერს აჭარაში პირველი ნახტომისებური ზრდა გვქონდა, იმ დღეებში ყოველდღიურად 150-160 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდებოდა. დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია, გვაქვს 110-111 პროცენტიანი ყოველდღიური ზრდა და ეს მიმანიშნებელია, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირდა. ამ შემზღუდავმა ღონისძიებებმა, რაც დაწესდა აჭარაში, უნდა იმოქმედოს იმაზე, რომ თანდათან ეპიდვითარების სტაბილიზაცია მოხდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა საქართველოში გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

„სამწუხაროდ, ერთი კვირის განმავლობაში გვაქვს გარდაცვალების შვიდი შემთხვევა. ყველა მათგანი მოგეხსენებათ, იყო მძიმე. აქედან ორი ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი მძიმე ავადმყოფი იყო, დანარჩენები ასევე, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ საქართველოში ინფიცირების საერთო მაჩვენებელთან შედარებით, გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 0.57 გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.