ამირან გამყრელიძე - დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“, რადგან მას აქვს უმაღლესი ავტორიზაცია
ამირან გამყრელიძე - დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“, რადგან მას აქვს უმაღლესი ავტორიზაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“.

აღნიშნულით გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „საქართველოში თუ დაინერგება კოვიდპასპორტი, მოქალაქე, რომელიც „სინოფარმით“ იქნება აცრილი, შეძლებს თუ არა ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობას“.

„თავისთავად საქართველოში კოვიდპასპორტი მიეცემა ყველას, როცა დამტკიცდება ეს პასპორტი და დღეს პირველი განხილვა გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროში ამ კოვიდპასპორტთან მიმართებით. რა თქმა უნდა, იქ შევა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმიც“ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოში იქნება ადმინისტრირებული ამ წლის განმავლობაში. დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“, რადგან მას აქვს უმაღლესი ავტორიზაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი ხანგრძლივია, მთელი რიგი საფეხურებისაგან შედგება და ასე მოხდა „სინოფარმთან“ დაკავშირებითაც.

„ავტორიზაციის პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი. ეს არ ხდება ერთ, ორ, 10 დღეში და არც ერთ თვეში. ის მთელი რიგი საფეხურებისაგან შედგება. ძალიან დეტალური ანალიზია ამ ვაქცინასთან დაკავშირებული. იგივე დრო დასჭირდა „ფაიზერს“,  „მოდერნას“ და სხვა ვაქცინებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.