ამირან გამყრელიძე - დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს, ამიტომ, გთხოვთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ სიკეთე, რასაც სახელმწიფო აძლევს მოსახლეობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის დასრულების გზა მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე გადის, რის გამოც ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და აიცრან. გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს.
„აცრების მაჩვენებლის კუთხით, დღეში თანდათან ვცილდებით 5 000-იან ზღვარს. დღესაც დაახლოებით 6 000-მდე აცრაა დაგეგმილი, თუმცა ეს თანდათან უნდა გაფართოვდეს. ყოველდღიური აცრის ეს მაჩვენებელი ცოტა არ არის, მაგრამ არც იმდენი, რაც ჩვენ გვსურს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვიყოთ მეტად აქტიური, რადგან პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე. წელს ჩვენ უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, რათა წერტილი დავუსვათ ყოველდღიურ გარდაცვალების შემთხვევებს, ვირუსის ახალ შემთხვევებს და საერთოდ, ეპიდემიას ქვეყანაში. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ვიყოთ უფრო აქტიურები. დღეს ვაქცინების მიწოდება გაცილებით სჭარბობს მოხმარებას. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ვაქცინების დეფიციტური ხარჯვა გვქონდა. დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. პორტალზე გახსნილია 100 000-მდე ადგილი და დაჯავშნილია მხოლოდ და მხოლოდ 30-35 ათასის ფარგლებში. ანუ, მიწოდება დაახლოებით სამჯერ სჭარბობს მოთხოვნას. ამიტომ, გთხოვთ, ვიაქტიუროთ. ფართოვდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ამიტომ ჩემი თხოვნაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო აძლევს მოსახლეობას. ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ჩვენი სამოქალაქო ვალდებულებაა, ვიყოთ აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინების მნიშვნელობაზე საუბრისას გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი გზავნილია.
„მალე გამოქვეყნდება მონაცემები, რომ ორჯერადად აცრილებში კოვიდით გარდაცვალება არ გვაქვს. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. გთხოვთ, ვიყოთ მეტად მობილიზებული. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი არის მნიშვნელოვანი თვეები, რა დროსაც აცრების მაჩვენებლის კუთხით, ჩვენ მაქსიმალურ სამიზნეებზე უნდა გავიდეთ. ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობდა. გთხოვთ, ამ საშუალებით ვისარგებლოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად დავძლევთ ამ ძალიან დიდ გამოწვევას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.