ამირან გამყრელიძე - დღეს გვქონდა პიკი, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1096 კვლევა ჩატარდა, გვინდა, 15 მაისამდე დღიურად 1500-დან 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ
ამირან გამყრელიძე - დღეს გვქონდა პიკი, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1096 კვლევა ჩატარდა, გვინდა, 15 მაისამდე დღიურად 1500-დან 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ახალ კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევების კიდევ უფრო გაფართოების საკითხი განვიხილეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია მოლეკულურ კვლევებზე. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 15 მაისამდე დღიურად ჩატარებული კვლევების რაოდენობა სულ მცირე, 1500-მდე უნდა გაიზარდოს.

„მხედველობაში და აქცენტი მაქვს მოლეკულურ კვლევებზე. დღეს ჩვენ პიკი გვქონდა, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1096 კვლევა ჩატარდა. ხუთიდან 12 ლაბორატორიამდე ავედით კვლევებში საქართველოს მასშტაბით. მომდევნო კვირიდან სამის დამატება არის გათვალისწინებული და გვინდა, რომ 15 მაისამდე, დღიურად 1500-დან 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მომდევნო ეტაპზე ეს მაჩვენებელი 2000-დან 2500 კვლევამდე უნდა გაიზარდოს.

„15 მაისიდან შემდეგ ეტაპზე ვაპირებთ, 2000-დან 2500 კვლევამდე ასვლას, რაც არის აუცილებელი. როცა ხდება ე.წ. შეზღუდვითი ღონისძიებების შემსუბუქება, აუცილებელია, ფართომასშტაბიანი და ფართო ხელმისაწვდომობა იყოს „პისიარ“ კვლევებზე. მეორე მხრივ, ჰოსპიტალური ჯანდაცვის სისტემისა და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა იყოს. ქვეყანა აქეთკენ, ამ მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.