ამირან გამყრელიძე - დავიცვათ რეკომენდაციები, შესაძლოა, არავის გვსურს ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია
ამირან გამყრელიძე - დავიცვათ რეკომენდაციები, შესაძლოა, არავის გვსურს ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია

დღეს ვისაუბრეთ, რომ მწვანე, უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულებები არსებობდეს, ანუ ყველა მედიცინის მუშაკი იქნება აცრილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტულ სეზონთან ერთად, აუცილებელია, რომ რეგიონში უსაფრთხო გარემო იყოს შექმნილი.

„აჭარაში ტურისტული სეზონია, ამიტომ საჭიროა უსაფრთხო რესტორანი, უსაფრთხო სხვადასხვა დაწესებულება, უსაფრთხო სასტუმრო. აქ დასაქმებული ყველა ადამიანი ორჯერადად აცრილი თუ იქნება, ნიშნავს, რომ ის გახლავთ უსაფრთხო სტუმრისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამ მხრივ გამყრელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე.

„ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადე უნდა ვატაროთ, მიუხედავად იმისა, რომ რთულია. შეიძლება, არავის არ გვინდა ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვაქცინებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივლისიდან ოთხი თვის განმავლობაში საქართველო გარანტირებულად მიიღებს ოთხი დასახელების ვაქცინას.

„უკვე გვაქვს ვაქცინების შემოსვლის გარანტირებული გრაფიკი, გარანტირებული კონტრაქტები, რომ ოთხი თვის განმავლობაში – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში შემოვა 3 მლნ 600 000 დოზა ოთხი დასახელების ვაქცინა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.