ამირან გამყრელიძე - დაუშვებელია, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებამ რისკჯგუფში მყოფ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში თანხის გადახდა მოსთხოვოს
ამირან გამყრელიძე - დაუშვებელია, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებამ რისკჯგუფში მყოფ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში თანხის გადახდა მოსთხოვოს

როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო, დაუშვებელია, რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს უფასოდ და დაუშვებელია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, მოქალაქეს გადაახდევინონ თანხა მომსახურებაში.

ამასთან, გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად, 20 ნოემბრამდე ჩაიტარონ.

„როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო, დაუშვებელია, რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს დაუშვებელია. მაქვს გარკვეული ინფორმაცია მასმედიისგან და სოციალური ქსელებიდან, რომ მთელი რიგი და ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება სთხოვს ჩვენს მოქალაქეებს თანხას ფორმის გახსნაში, ექიმის კონსულტაციაში. ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვით ან შესაბამისი სადაზღვევო პროგრამებით. დაუშვებელია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ჩვენს მოქალაქეს გადაახდევინო თანხა მომსახურებაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ, ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ არ იქნას ეს პრეცედენტები დაშვებული.

მოგეხსენებათ, ქვეყანაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო კამპანია, რომელმაც გრიპის შემდეგი გართულებებისგან უნდა დაიცვას ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი მომატებული რისკჯგუფები და გთხოვთ, ამ პროცესს ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი.წელს დაახლოებით 2.5-ჯერ მეტი დოზა ვაქცინა იქნა შეძენილი. უკვე სამი კვირაა, დაწყებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მაგრამ პირველი 25 ათასი დოზა, რომელიც განაწილდა ქსელში, დღევანდელი რიცხვით, დაახლოებით 15-16 ათასამდე დოზა იყო ათვისებული. ანუ, მიმართვიანობა არის დაბალი. ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, ეს რისკჯგუფები და მათი ჩამონათვალი არის ჩვენს ვებგვერდზე. ამცრელი კაბინეტები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში არის. მარტო თბილისის მასშტაბით დაახლოებით 150-დან 200-მდე ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ცრის გრიპის საწინააღმდეგოდ. ვისარგებლოთ ამ სიკეთით, რადგან წელს გრიპისგან დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა არ იყოს მეტი გართულება გრიპისა და „კოვიდისზედდების შემდეგ, ამისგან ჩვენ  დროულად ჩატარებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაგვიცავს. ზოგადად, ვაქცინაცია მთელი სეზონის განმავლობაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ. მოგეხსენებათ, იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება ათი, თორმეტი, თოთხმეტი დღე. სასურველია, ახლა, 20 ნოემბრამდე ყველა აიცრას, ვისაც ეკუთვნის ეს ვაქცინა და შედის რისკჯგუფებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.