ამირან გამყრელიძე - დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, მასთან ერთად უნდა შეფასდეს სხვა ინდიკატორებიც და ტენდენცია აქაც სტაბილიზაციისკენ მიდის
ამირან გამყრელიძე - დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, მასთან ერთად უნდა შეფასდეს სხვა ინდიკატორებიც და ტენდენცია აქაც სტაბილიზაციისკენ მიდის

ქვეყანაში დღეს დილისთვის დადებითობის მაჩვენებელი 4,9% იყო, იანვარ-თებერვლის 7.4%-ია, 14 დღის – 4.8%, შვიდი დღის გვაქვს 3.8%, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, დინამიკის შემცირება გრძელდება, რაც კარგია.

„ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურდება. რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებელზე იღებს ქვეყანა ორიენტირს, რომ შემსუბუქების პოლიტიკა და ნაბიჯების გადადგმა გარკვეულწილად დაკავშირებულია მასთან. გაცხადდა, რომ 7-14 დღის განმავლობაში თუ გვაქვს 4% ზე ნაკლები დადებითობის მაჩვენებელი, მაშინ უფრო აქტიურად შეიძლება შეზღუდვების შემსუბუქება ან მოხსნა. ამას ვაკვირდებით. ამ მხრივ, კარგი პროგრესია აჭარაში. დღეს აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 3%, ბოლო 14 დღის – 2%, რაც პრინიცპში კარგია. ბოლო შვიდი დღის მაჩვენებლი აჭარაში არის 1%.

გვაინტერესებს, როგორი იქნება ეს დინამიკა თბილისში. აჭარაში შეზღუდვები ახლა სერიოზულად შემსუბუქდა, მაგრამ არის დატოვებული თბილისში, განსაკუთრებით ტრანსპორტთან მიმართებით, ქუთაისში და რუსთავში. ამიტომ ჩვენ თბილისს ვაკვირდებით.

თბილისში დადებითობის მაჩვენებელი დღეს 5%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელიც 5%-ია , ხოლო ბოლო შვიდი დღის – 4%. დინამიკა იქითკენ მიდის თბილისშიც, თუ შევინარჩუნეთ ეს დინამიკა, თბილისშიც შესაძლებელია შემდგომ გარკვეული შემსუბუქების ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელთან ერთად უნდა შეფასდეს სხვა ინდიკატორებიც და ტენდენცია აქაც სტაბილიზაციისკენ მიდის.

„ხაზს ვუსვამ, რომ მარტო დადებითობის მაჩვენებელზე ვერ ვიქნებით დამყარებული, საჭიროა მასთან ერთად შეფასდეს სხვა ინდიკატორები. იმ ინდიკატორებშიც ტენდენცია სტაბილიზაციისკენ არის. განსაკუთრებით ახლა უნდა დავაკვირდეთ, რადგან მოგეხსენებათ, გუშინ მთელი რიგი შემსუბუქებები დაიწყო ქვეყანაში, მათ შორის მაღაზიები გაიხსნა, მოლები გაიხსნა, დიდი სავაჭრო ცენტრები და ა.შ, სკოლები გაიხსნა გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა, ბავშვებმა კლასებში დაიწყეს სწავლა. დავაკვირდებით ამ მდგომარეობას, მობილობა გაიზარდა და ამისდა მიხედვით საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.