ამირან გამყრელიძე - ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად იყოს დაცული რეკომენდაციები
ამირან გამყრელიძე - ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად იყოს დაცული რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ახლა, როცა ქვეყანა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში იმყოფება, იგივე რეკომენდაციები რჩება, რომ მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ პირბადე და დაცული იყოს დისტანცია ყველგან, მათ შორის ეკლესიებშიც.

ამირან გამყრელიძე მრევლს და საეკლესიო მოღვაწეებს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები.

აღნიშნული განცხადებით გამყრელიძემ „ფეისბუქ“ ლაივში უპასუხა კითხვას, „კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატების ფონზე, ხომ არ იგეგმება ეკლესიისადმი რეკომენდაციების გაცემა, რომ წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდეს“.

„ძალიან რთული და სენსიტიური კითხვაა, როცა საკითხი ეხება ჩვენს დედაეკლესიას, საქართველოში ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ინსტიტუციას. მოგეხსენებათ, ეს კითხვა ისმებოდა მარტ-აპრილში, წინასააღდგომო დღეებში და იქ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი რეკომენდაციები გასცა. ახლა, როცა ჩვენ ვართ ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში, რა თქმა უნდა, იგივე რეკომენდაციები რჩება, რომ ჩვენ უნდა დავიცათ დისტანცია, ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის გარეთ. რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს, იქნება ეს დახურულ შენობებში, თვითონ ეკლესიებში, თუ გარეთ. ამიტომ იგივე ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, გვქონდა ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ისე თვითონ მრევლის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.