ამირან გამყრელიძე - ჩვენი მიზანია, საქართველოში მწეველთა რაოდენობა ყოველწლიურად 1%-ით შევამციროთ
ამირან გამყრელიძე - ჩვენი მიზანია, საქართველოში მწეველთა რაოდენობა ყოველწლიურად 1%-ით შევამციროთ

საქართველოში მწეველთა რაოდენობა დღეს 33 %-ია. ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად ეს მაჩვენებელი 1%-ით შევამციროთ, რათა 2030 წლისთვის 17-18 %-მდე დავიყვანოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კამპანიის „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„თამბაქო აღიარებულია 21-ე საუკუნის ყველაზე უფრო დიდ მკვლელად, თამბაქოზე მოდის მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის დაახლოებით 10% ანუ დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება თამბაქოთი გამოწვეული ზიანით. საქართველოში ეს ციფრი პროცენტულად უფრო მაღალი გვაქვს, რამეთუ ჩვენთან 31 000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით. აქედან 2 500 არის პასიური მწეველი, დანარჩენი – აქტიური“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორ აღსრულდება ახალი კანონმდებლობა, რადგან ამაზე პირდაპირ არის დამოკიდებული მწეველთა რიცხვის შემცირება.

„ეს გახლავთ არაგადამდები დაავადებების განვითარების ყველაზე დიდი რისკფაქტორი. პირველ რიგში, ეს არის ​გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტენზიული დაავადება, ინსულტი. რა თქმა უნდა, თამბაქო გახლავთ ნომერ პირველი რისკფაქტორი სიმსივნური დაავადებების განვითარებისას, მათ შორის ფილტვის სიმსივნის, რომელიც არის სიკვდილიანობის პირველი მიზეზი მსოფლიოში. ნახევარი არის განპირობებული თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღსრულდება კანონმდებლობა. ამაზეა დამოკიდებული, როგორ შემცირდება მწეველთა რაოდენობა, რომელიც დღეს 33 %-ია. ყოველი მეორე მამაკაცი მწეველია და ჩვენი მიზანია, რომ ყოველწლიურად ეს მაჩვენებელი 1%-ით შევამციროთ, რათა 2030 წლისთვის მწეველთა რაოდენობა 17-18 %-მდე დავიყვანოთ. თუ ეს მოვახერხეთ, ძალიან ბევრი სიცოცხლე გადარჩება“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონი 1-ლი მაისიდან შევა ძალაში, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევა აიკრძალება.