ამირან გამყრელიძე - ჩინეთთან და ირანთან მიმართებით დროული და სწორი პრევენციული ზომები გატარდა, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, ამას ველოდით
ამირან გამყრელიძე - ჩინეთთან და ირანთან მიმართებით დროული და სწორი პრევენციული ზომები გატარდა, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, ამას ველოდით

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, იქნებოდა და შესაძლებელია, კიდევ იყოს შემთხვევები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ბოლო 20 წლის განმავლობაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებების სტატისტიკაზე და მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა.

„ეს გახლავთ მესამე დიდი ეპიდაფეთქება ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციით. თვითონ კორონავირუსი, მოგეხსენებათ, გახლავთ ვირუსი, რომელიც გადადის ცხოველებიდან და ფრინველებიდან ადამიანზე. ეს გახლავთ ე.წ. მესამე ახალი კორონავირუსი. პირველი ორი ეპიდაფეთქება გახლდათ 2003-ში, რომელმაც გამოიწვია დაახლოებით 8 000-მდე ადამიანის დაზიანება და 9-10 პროცენტი იყო ლეტალობა, ანუ გარდაცვალება. მეორე გახლდათ 2012-ში ე.წ. შუააღმოსავლეთის სინდრომი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაიწყო. მაშინ მოიცვა დაახლოებით 2500 ადამიანი, მაგრამ იყო მაღალი ლეტალობა, დაახლოებით 35 პროცენტი. მესამე გახლავთ სწორედ ეს, რომელიც 31 დეკემბერს დაიწყო ჩინეთში, ჰუვეის პროვინციაში, ქალაქ უხანში და უკვე დღეისთვის მოიცვა მთელ მსოფლიოში 81 000 ადამიანზე მეტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მედიცინაში ყველაფერი შედარებითია და ამ შემთხვევაში, წლევანდელი ეპიდაფეთქება ნაკლები ლეტალობით ხასიათდება, ვიდრე წინა ორი.

„ამ ეპიდაფეთქების დროს ზოგადი გარდაცვალების მაჩვენებელი ჩინეთში არის 2,3 მეათედი პროცენტი, ჩინეთს გარეთ – კიდევ ნაკლები. მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ჩინეთში ბოლო 10 დღეა, უკვე დაიწყო ყოველდღიური ახალი შემთხვევების კლება, მაგრამ, სამწუხაროდ, იმატებს იმ 38 ქვეყანაში, სადაც ინფექცია იქნა გატანილი. მათ შორის, დღეისთვის ყველაზე დაზიანებულია სამხრეთ კორეა, სადაც 1500 შემთხვევაზე მეტია. შემდეგ მოდის იტალია, ირანი, სინგაპური და კიდევ რამოდენიმე ქვეყანა. ევროპაში შედარებით ერთეული შემთხვევებია, თუ არ ავიღებთ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილს და არა მთელ იტალიას. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ვნახეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის დღევანდელი განცხადებები, გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია პანდემია, როდესაც ინფექცია აზიანებს ყველა კონტინენტს და ქვეყანას. ამის საშიშროება არის დღეს და ამიტომ სწორედ პანდემიური მზადყოფნაა გამოცხადებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებული გეგმის მიხედვით, ყველა ქვეყანა ქმნის თავის ეროვნულ სამოქმედო გეგმებს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწორედ ასეთი გეგმა გააჩნია საქართველოსაც, რომლის პირველი ვარიანტი 28 იანვრის დადგენილებით დამტკიცდა.

„გუშინ დამტკიცდა კიდევ განახლება. მოგეხსენებათ, ყველა გეგმა საჭიროებს მუდმივ განახლებას გამომდინარე​ეპიდსიტუაციიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მიმოსვლა გვქონდა ჩინეთთან და ირანთან, საკმაოდ კარგი პრევენციული ზომები გატარდა თავიდანვე ჩინეთთან მიმართებით, რომელმაც დაგვიცვა იმისგან, რომ ჩინეთიდან ინფექცია არ იქნა ქვეყანაში შემოტანილი, მაგრამ როდესაც ირანში გაჩნდა შემთხვევები, ჩვენ უკვე ვპროგნოზირებდით, რომ ჩვენთვის მეტ საფრთხეს შესაძლოა, წარმოადგენდა ირანი, ვიდრე ჩინეთი ამ ეტაპზე. იმიტომ, რომ ჩინეთიდან ჩამოსული ის მუშახელი, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებული, საკმაოდ კარგად გადიან იმ კარანტინს, აუცილებელს, თვითიზოლაციას, რომელიც დადგენილია საერთაშორისო წესებით. ამიტომაც ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ირანთან მიმართებაში. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, იქნებოდა და შესაძლებელია, იყოს კიდევ შემთხვევები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი