ამირან გამყრელიძე - ჩამოყალიბდა ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი, რომელსაც აქვს ხედვა, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა შესაბამისი პირობების დაცვით
ამირან გამყრელიძე - ჩამოყალიბდა ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი, რომელსაც აქვს ხედვა, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა შესაბამისი პირობების დაცვით

ჩამოყალიბდა ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი, რომელსაც აქვს ხედვა, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა შესაბამისი პირობების დაცვით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა და შემდეგი შეხვედრის დროს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„ჩამოყალიბდა ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი. მათ აქვთ ხედვა, შესაბამისი პირობების დაცვით, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა. ძირითადად აქ საუბარია საბაგირო გზებზე, რადგან კერძო სახლებსა და აპარტამენტებში, ადამიანები ისედაც ისვენებენ. აქ საუბარია აღდგენაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვთხოვეს, ჩვენგანაც იყვნენ წარმომადგენლები გუშინ, გუშინწინ და ამ საკითხებზე მუშაობენ. მოგეხსენებათ, დღეს მხოლოდ შვეიცარიაშია მთლიანად გახსნილი ზამთრის კურორტები, თუმცა მთლიანად არც იქ არ არის გახსნილი, სასტუმროები გარკვეულ ადგილებზე დაკეტილია. დანარჩენ ცნობილ ზამთრის კურორტებზე მოგეხსენებათ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის დაშვებული და იქაც შესაბამისი კონტროლით. ამიტომ ამ ყველაფერს სწავლობენ და შემდეგი შეხვედრის დროს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.