ამირან გამყრელიძე - ბოლო სამი კვირის განმავლობაში, წითელას ვირუსის 357 შემთხვევა ფიქსირდება
ამირან გამყრელიძე - ბოლო სამი კვირის განმავლობაში, წითელას ვირუსის 357 შემთხვევა ფიქსირდება

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, წითელას ვირუსით ავადობის 357 შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, სტატისტიკა მზარდია და ქვეყანაში ეპიდ-აფეთქების რამდენიმე კერაა.

„ტენდენცია მზარდია და ამიტომაც ვაფიქსირებთ, რომ ქვეყანაში გვაქვს ეპიდ-აფეთქება ძირითადად კონცენტრირებული რამდენიმე რეგიონში. აბსოლუტურ რაოდენობაში ყველაზე მეტი თბილისშია, თუმცა მაჩვენებელი ყველაზე მაღალი გვაქვს იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში. ამ 357 შემთხვევიდან ყველაზე ბევრი, დაახლოებით 50% შემთხვევებისა კონცენტრირებულია ძირითადად 20-დან 40 წლის ასაკში, მაჩვენებელი ასევე მაღალი გვაქვს 0-დან 1 წლამდე ბავშვებში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წითელას ვირუსით ავადობის მზარდი სტატისტიკის გამო, საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ სპეციალური განკარგულება გამოსცა, სადაც ის ღონისძიებებია გაწერილი, რომელიც წითელასთან საბრძოლველად უნდა გატარდეს. განკარგულებაში მთავარი მიმართულება ვაქცინაციაა და მოსახლეობისთვის შეუფერხებლად მისაწოდებლად, აცრის ხარჯებს მთავრობა ფარავს.

„წითელა არის ვაქცინებით მართვადი დაავადება და თუ ჩვენ მასობრივი ვაქცინაცია არ გავაკეთეთ, აუცრელი მოსახლეობის და განსაკუთრებით მაღალი ასაკის, მაშინ წითელას შეჩერებას ვერ მოვახერხებთ. ის შეიძლება ჩაწყნარდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ მერე ისევ პერიოდულად გაგვახსენებს თავს, ამიტომ მოწოდებაა განსაკუთრებით მშობლებისადმი, რადგან ხვალ სწავლა იწყება, რომ გადასინჯონ თავისი შვილის აცრის კალენდარი პოლიკლინიკებში და თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ერთი და ხუთი წლის ასაკში, აუცილებლად მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან. ასევე, მოზრდილი მოსახლეობისათვის გახლავთ მოწოდება, რომ მათ თუ არ აქვთ აცრის ორჯერადი ან ერთჯერადი ჩანაწერი, ან არ ახსოვთ გადატანილი აქვთ თუ არა წითელა, აუცილებლად აიცრან”,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძემ განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ ორსულებს და იმ ქალბატონებს მოუწოდა, რომლებიც უახლოეს პერიოდში აპირებენ დაფეხმძიმებას.

„განსაკუთრებით მივმართავ ქალბატონებს, რომლებიც აპირებ ოჯახის შექმნას და დაფეხმძიმებას, წითელა არის ძალიან საშიში დაავადება ორსულობის პერიოდში, რომელიც მოქმედებს, როგორც ქალბატონზე, ისე ნაყოფზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ორსულობის პერიოდში წითელას საწინააღმდეგო აცრის გაკეთება არ შეიძლება.
მათ, ვინც არ არის აცრილი დაფეხმძიმებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე, უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია“,- განმარტა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ვაქცინის მარაგი ქვეყანაში საკმარისია და მასზე დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა მაღალი ხარისხისაა და ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული.

მიუხედავად მზარდი სტატისტიკისა, ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის გადადების რეკომენდაციას არ იძლევა. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში სწავლა ხვალიდან განახლდება.