ამირან გამყრელიძე - საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 62 პროცენტამდე არის შემცირებული, კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი
ამირან გამყრელიძე - საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 62 პროცენტამდე არის შემცირებული, კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის ბოლო კვირის მონაცემებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72 პროცენტიდან 62 პროცენტამდე შემცირდა.

გამყრელიძის თქმით, ეს მიანიშნებს, რომ მოსახლეობა კვლავ იქმნის ილუზიას კორონავირუსის დამარცხებასთან დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების მაჩვენებელი არათუ შეამცირონ, 95 პროცენტამდე გაზარდონ, რადგან ამ დრომდე ნიღაბი მთავარი პრევენციული საშუალებაა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც გარკვეულად პროგნოზირებას გვიკეთებს, ასევე გუგლის საშუალებით ითვლის ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელს, რომელიც შემოდგომასთან მიმართებაში გაზრდილი იყო 72 პროცენტამდე, ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება 62 პროცენტზე. ეს ნიშანია იმისა, რომ რადგან ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ, არადა, 400  ყოველდღიური შემთხვევა არ არის ცოტა საქართველოსთვის, ძალიან საყურადღებოა. კიდევ ერთხი თხოვნა მაქვს მოსახლეობისადმი, მთავარი პრევენციული საშუალების, პირბადის ტარება კიარ უნდა შევამციროთ 62 პროცენტამდე და ქვემოთ, არამედ პირიქით, ავწიოთ 95 პროცენტამდე და ყველა შემსუბუქება, რაც დღეს გამოცხადდა, უფრო ადვილად გადაგვატანინებს მომავალ ორ თვეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.