ამირან გამყრელიძე - არავისზე ნაწყენი არ ვარ, ეს არ მახასიათებს, მე არ ვჩნდები ფართოდ ეთერებში, რადგან მომატებული რისკი მაქვს
ამირან გამყრელიძე - არავისზე ნაწყენი არ ვარ, ეს არ მახასიათებს, მე არ ვჩნდები ფართოდ ეთერებში, რადგან მომატებული რისკი მაქვს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის მედპერსონალს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი.

„მადლობა ჩემს კოლეგებს, მთლიანად საქართველოს მედპერსონალს, ექიმებს, ექთნებს, დაბალ სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც ხანდახან სანიტრებს ეძახით, ანუ უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ისინი ყველა ძალიან თავდადებული ადამიანები არიან. მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ლაბორატორიებს – ყველას, ვინც ამ ბრძოლაში არის ჩართული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი დღეს მომატებული რისკის წინაშე იმყოფება. გამყრელიძის თქმით, თავადაც სწორედ იმიტომ იკავებს თავს ბრიფინგების ხშირად გამართვისგან, რომ ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან უწევს შეხება.

„დიახ, ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, რადგან ვარ მომატებული რისკის მქონე პიროვნება. ბევრი ამბობს, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებში. მე არავისზე ნაწყენი არ ვარ, არ მახასიათებს ეს. მე არ ვჩნდები ფართოდ იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, ვინაიდან ყოველდღიურად შეხება მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან.

ამიტომ რაც შეიძლება, იგივე ეს ბრიფინგები, იყოს ვირტუალური. დიახ, ეს ხალხი გმირები არიან. დიახ, იცით რიცხვები, რა პროცენტით დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალი ჩინეთში. სამწუხაროდ, უკვე გუშინ 60 შემთხვევა იყო ექიმების გარდაცვალებისა იტალიაში, ანუ ეს მომატებული რისკი არსებობს. საქართველოში დღეს გვყავს ორი ადამიანი – სამედიცინო პერსონალი, რომელიც დაინფიცირდა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, უნდა გამკაცრდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ. პირველი, ესაა ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში. უნდა გამკაცრდეს ისე, როგორც არასდროს, რომ ჩვენ მინიმუმადე დავიყვანოთ შიდა გავრცელება სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციისა. ეს იცის თითოეულმა ჩემმა კოლეგამ და მათ ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა დაიცვან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირება – ჯერ ერთი, დაავადების შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით, და შემდეგ, ჩვენ არ ვართ განებივრებული ბევრი მაღალპროფესიონალი ადამიანით, რომელიც ამ დროს საჭიროა და მათი ჩანაცვლება რთულია. საბედნიეროდ, ამ ორ ადამიანს რთული კლინიკური მდგომარეობა არ აქვს და დარწმუნებული ვარ, მალე გამოჯანმრთელდებიან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი