ამირან გამყრელიძე - არ შეიძლება მოშვება, არ დავიმშვიდოთ თავი, რომ გავიმარჯვეთ „კორონაზე“, „კორონას“ დაამარცხებს ერთად მთელი მსოფლიო
ამირან გამყრელიძე - არ შეიძლება მოშვება, არ დავიმშვიდოთ თავი, რომ გავიმარჯვეთ „კორონაზე“, „კორონას“ დაამარცხებს ერთად მთელი მსოფლიო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა კორონავირუსის გავრცელების რისკი იყოს შემცირებული.

„მხედველობაში მაქვს პრევენციული ღონისძიებები, რაც ჩატარდა. ეს რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, თუმცა მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, ნული მთელი რაღაც პროცენტი შეიძლება იყოს, მაგრამ შემიძლია, დაგამშვიდოთ, რომ გამოცდების დროს ნამდვილად ეს რისკი მინიმუმამდე იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ზოგადი რეკომენდაციები ვრცელდება გამოცდების პერიოდზეც და ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების ახლობლებს საგამოცდო ცენტრებთან თავშეყრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს, რომ გამოცდებზე ვგულშემატკივრობთ და მივდივართ ბევრი – ოჯახის წევრები, ნათესავები. არ არის საჭირო, დიდი თავშეყრა ამ დროს არ გვინდა. როდესაც გამოცდა მიდის, იქ ყოველთვის ბევრი ადამიანი იყრიდა თავს და ეს უფრო დამატებითი რისკია, ვიდრე გამოცდებზე მყოფი აბიტურიენტები“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი კარგი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი აქვს რეგიონში და მთლიანად ევროპაში.

„ყოველდღიური დინამიკა უჩვენებს, რომ ჩვენ ერთნიშნა რიცხვს არ ვცილდებით და ეს ადვილად მოვლადი და მართვადია. არ იქნება პრობლემა, რომ ეს ორნიშნაც იყოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეპიდემიის შემდგომი განვითარების რისკი იყოს მინიმალური. ამიტომ, ამაში თქვენც უნდა მოგვეხმაროთ, გაკეთდეს ბევრი გადაცემები, ხალხს ხშირად მივმართოთ, რადგანაც არ შიძლება მოშვება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ „კორონა“ – არა, „კორონას“ დაამარცხებს ერთად მთელი მსოფლიო.

რისკი მეორე ტალღის, მესამე ტალღის ყოველთვის არსებობს და ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. ეს არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.