ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდეს
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდეს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და „ნოვიჩოკის“ შესახებ რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდეს.

საუბარია რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებაზე, სადაც შვიტკინმა აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს.

კითხვაზე, რომელი სახელმწიფო შეიძლება, იდგეს კიბერშეტევის უკან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველასთვის ცნობილია, რომელია ქვეყანა, რომელიც მსგავსი შეტევებით გამოირჩევა.

„კარგად მოგეხსენებათ, ვინ ინტერესდება საქართველოთი, ლუგარის ლაბორატორიით და დაავადებათა კონტროლის ცენტრით. ხშირადაა მსგავსი და სხვა ტიპის შემოტევები. რაც შეეხება ნავალნის, არაფერია გამორიცხული, ლუგარი ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის არის, ასე ვთქვათ, სამარაგო შემოტევის იარაღი და შესაძლოა, ეს ვერსიაც რეალური იყოს, რადგან მოგეხსენებათ, გერმანიამ ოფიციალურად გამოაცხადა ნავალნის მოწამვლის შესახებ. ამასთან, გუშინაც გაიჟღერა რუსეთის საინფორმაციო წყაროებში, რომ ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აქა და აქ მზადდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს, შსს-ს ცნობით, წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.