ამირან გამყრელიძე - ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე მესამე ტალღის პიკის დროს იყო, თუმცა დღეს გვაქვს საშუალება, მოსახლეობა ავცრათ
ამირან გამყრელიძე - ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე მესამე ტალღის პიკის დროს იყო, თუმცა დღეს გვაქვს საშუალება, მოსახლეობა ავცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღასთან შედარებით ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ახლა მეტია.

გამყრელიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, წინა პერიოდთან შედარებით, დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და მოქალაქეებს საშუალება აქვთ, აიცრან.

„საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია. ჩვენ ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს, მაისში იყო. ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე, როგორც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება გახლავთ, რომ მეორე ტალღის დროს ხელმისაწვდომი არ იყო ვაქცინები, დღეს კი გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინებსა და ვაქცინაციაზე საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის აქტიურობა გაზრდილია. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ჩატარებული აცრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„გუშინ ჩვენ 24 საათში გვქონდა ყველაზე მაღალი, დაახლოებთ 13 800 აცრა. დღეს დაგეგმილია 14 300-მდე აცრა. აქედან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 55 პროცენტი „ფაიზერზე“ მოდის, მეორე ადგილზეა „სინოფარმი“, შემდეგ „ასტრაზენეკა“ და ბოლოს „სინოვაკი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.