ამირან გამყრელიძე - აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავამარცხებთ, ოქტომბრიდან უნდა გაიხსნას სკოლები, ბავშვებს განათლება სჭირდებათ
ამირან გამყრელიძე - აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავამარცხებთ, ოქტომბრიდან უნდა გაიხსნას სკოლები, ბავშვებს განათლება სჭირდებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია რეგულაციების სათანადოდ დაცვა.

საკითხზე საუბრისას, გამყრელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

ამასთან, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს სკოლებში და იქნება შესაძლებლობა, რომ საგანმანათლებლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

„მალე, ერთ კვირაში დავიწყებთ დამატებით გრიპის ვაქცინაციას, რადგან გრიპი დაახლოებით ნოემბერში გამოჩნდება. თუმცა, მთავარი დღეს არის „კოვიდი“. დღესაც 38 ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა კორონავირუსმა. მართალია, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ 95 პროცენტზე ავიყვანთ (დღეს 43 პროცენტია), მარტო პირბადით ჩვენ დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. აცრის გარდა, ვერ დავამარცხებთ პანდემიას. ოქტომბრიდან უნდა გაიხსნას სკოლები, აუცილებელია სკოლების გახსნა, ბავშვებს განათლება სჭირდებათ. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.