ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინაციისთვის დაშვებული 120-დღიანი პერიოდი შემცირდეს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინაციისთვის დაშვებული 120-დღიანი პერიოდი შემცირდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭო განიხილავს საკითხს, რომ კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინაციისთვის დაშვებული 120-დღიანი პერიოდი შემცირდეს.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეგულაციაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელს გახდის, რომ სამედიცინო პერსონალი აცრების პროცესში მეტად აქტური იყოს.

„სამედიცინო სექტორში 65 000 ადამიანია დასაქმებული. ექიმი, ექთანი, უმცროსი და დამხმარე სამედიცინო პერსონალი. აქედან დღეს – აცრილია 12 000-მდე ადამიანი, მათგან 50 პროცენტი არიან ექიმები. 18 000 ექიმია ქვეყანაში დასაქმებული და აქედან დაახლოებით შვიდ პროცენტამდეა აცრილი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამედიცინო პერსონალმა პანდემიის დროს მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა, თუ ჩვენთან მოსახლეობაში საერთო ინფიცირება არის შვიდი პროცენტი, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება არის 33 პროცენტი. ანუ ამ 65 000 ადამიანიდან 33 პროცენტია ინფიცირებული.

მოგეხსენებათ, ჩვენთან დღევანდელი მოქმედი რეგულაციით ვაქცინაცია დაშვებულია ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ, ამიტომ ზოგს არ უწევდა აცრა. ახლა ვაპირებთ, ესეც ახალი ინიციატივაა, იმუნიზაციის საბჭოზე განიხილება, რომ 120 დღე შემცირდეს, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყანაში გახლავთ სხვადასხვა – 30-დან 90 დღემდე. დარწმუნებული ვარ, სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიური იქნება აცრების პროცესში ჩართული. საერთო მოსახლეობასთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.