ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

მისივე თქმით, საქართველოში ჯერჯერობით ბრიტანული შტამის გარდა, სხვა შტამი არ დაფიქსირებულა.

ასევე, გამყრელიძემ ისაუბრა რეინფიცირების შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ახალმა შტამებმა შესაძლოა, მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა გაზარდოს.

„შარშან ამ დროს, ან შემოდგომაზე რეინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო მსოფლიოში და ჩვენთანაც. ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა შესაძლოა, გაზარდოს არა მარტო ბრიტანულმა, არამედ დღეს უკვე საუბარია ე.წ. ინდოეთის ორმაგ შტამზე, ბრაზილიურზე, სამხრეთამერიკულზე. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ჩვენთან ეს შტამები, გარდა ბრიტანულისა, არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ბრიტანული შტამი.

უკვე აღარც ვითვლით, იმდენია S გენ-უარყოფითი. მგონი, 100-ზე მეტი გვქონდა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებული. ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით, 70-დან 90 პროცენტში, ქვეყანაში ბრიტანული შტამი ცირკულირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.