ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ივნის-ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ივნის-ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში შემოტანილ ყველა ვაქცინას დაავადების გართულების პრევენციისთვის მაღალი ეფექტურობა ახასიათებს.

„სინოფარმის“ ეფექტურობა სხვადასხვა კვლევებით მერყეობს 79-დან 86%-ის ფარგლებში. ეს გახლავთ გადადების პრევენციის ეფექტურობა, მაგრამ რასაც ჰქვია ე.წ. გართულებების, დამძიმების და სიკვდილიანობის პრევენცია, ყველა იმ ვაქცინას, რომელიც ჩვენთან ამჟამად არის, იქნება ეს „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ თუ ჩინური, რომელიც დღეს შემოვიდა, ყველას თითქმის 100%-იანი დაცვა აქვს ფატალური გამოსავლის. მოგეხსენებათ, ამ ვაქცინებს და კიდევ 4-5 ვაქცინაა მსოფლიოში ადმინისტრირებადი, ყველა ამ ვაქცინას აქვს მაღალი ეფექტი, სწორედ მძიმე მიმდინარეობის პრევენციისთვის, ანუ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობისთვის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე პარტიის შემოტანის საკითხს, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს შეკვეთილი აქვს კიდევ მილიონი დოზა, თუმცა მისივე თქმით, ჯერ უცნობია, როდის და რა პირობებით მიიღებს ქვეყანა აღნიშნულ ვაქცინებს.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ივნის-ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება.

„ძირითადად ამოწურულია „ფაიზერის“ ჯავშნები, მაგრამ ქვეყანას შეკვეთილი აქვს მილიონი დოზა „ფაიზერთან“ პირდაპირი მოლაპარაკებით. არ ვიცით ოღონდ, როდის და რა პირობებით მიიღებს ან რამდენს მიიღებს ამ მილიონიდან ქვეყანა. ამის მიხედვით, შემდეგ საქართველოში იქნება საშუალება, როცა ჩვენ სადღაც ივნის-ივლისიდან უკვე მასობრივი აცრები უნდა დავიწყოთ. იქნება როგორც „ასტრაზენეკა“, ისე ჩინური, „ფაიზერიც“ და კიდევ სხვა ვაქცინები. „ნოვავაქსი“ გვაქვს კიდევ შეკვეთილი. ეს გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ვაქცინა, რომელიც მალე გამოჩნდება ბაზარზე და უკვე მიდის მისი დაჯავშნაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი