ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გუშინ საკარანტინო სივრცეები დატოვა 1000-მდე ადამიანმა, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდათ
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გუშინ საკარანტინო სივრცეები დატოვა 1000-მდე ადამიანმა, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ახალ შემთხვევბთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარას უკავშირდება.

გამყრელიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი ევროპის რეგიონში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

„დღეს 0 საათისთვის ჩვენ გადავედით რეპორტინგის ახალ 24 საათიან სისტემაზე, ანუ ვანგარიშობთ 0 საათიდან მომავალ 24 საათამდე – ერთი ციკლი. 196-დან 145 გვაქვს აჭარაში. აქედან ბათუმია ძირითადად, ერთი გახლავთ ქობულეთის შემთხვევა, სამი გურიაში, ეს შემთხვევებიც გარკვეულად აჭარას უკავშირდება, თბილისში გვაქვს 29, იმერეთში რვა, მცხეთა-თიანეთში ერთი, სამეგრელო-ზემო სვანეთში სამი, ქვემო ქართლში სამი, შიდა ქართლში – ოთხი. მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 0.79 პროცენტი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ევროპის რეგიონში და ეს გარკვეულად, პროგნოზულად კარგია, რომ სიკვდილიანობა არ გვეზრდება, უკვე დაახლოებით თვეზე მეტია, 19-ზე ვართ. იმედი მაქვს და ძალიან გვინდა, ქვეყანაში შენარჩუნდეს სიკვდილიანობის დაბალი პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობაა კრიტიკული.

„კრიტიკული ავადმყოფების რაოდენობა მცირეა, დღეს დილის მონაცემებით ხუთი იყო. ერთი გახლდათ მხოლოდ ხელოვნურ ვენტილაციაზე. რა თქმა უნდა, მძიმე პნევმონიით ავადმყოფები არიან, რომელთა მოვლა მიმდინარეობს. აქტიური შემთხვევები გვაქვს 1328, რომლებიც დღეს ჰოსპიტლებში არიან და გადიან მკურნალობას. მათ შორის საკმაო რაოდენობა არის აჭარაში. 6 633 არის საკარანტინო სივრცეში. გუშინდელი დღიდან შემცირდა საკარანტინო ვადა რვა დღემდე. ანუ, მერვე დღეს ხდება ამ ადამიანების ტესტირება და შემდგომ უკვე მათი კარანტინიდან გამოსვლა. გუშინ აჭარასა და სხვა რეგიონებში ეს პროცესი დაიწყო და აჭარაში ერთდროულად გამოვიდნენ ადამიანები, ვისაც 12, 11 , 10, 9, 8 დღე შეუსრულდათ. ერთიანად ეს იყო დაახლოებით ათასამდე ადამიანი, რომელთა ტესტირება მოხდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.