ამირან გამყრელიძე - აცრებთან დაკავშირებით მოტივაციის მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის განიხილება წამახალისებელი ღონისძიება, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული
ამირან გამყრელიძე - აცრებთან დაკავშირებით მოტივაციის მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის განიხილება წამახალისებელი ღონისძიება, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არაერთი გზით ცდილობენ, რომ ქვეყანაში აცრების მაჩვენებელი გაიზარდოს. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით იწყებენ ე.წ. მარათონს, რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპზე 49 სოფელია არჩეული.

„ბევრ რამეს ვცდილობთ, მათ შორის მარათონის პრინციპით დაიწყება დაახლოებით 49 სოფელში აცრების მეტი ინტესიფიცირება. ხვალ გავდივართ შიდა ქართლის ოთხ დიდ სოფელში. 15-16 ოქტომბერს ვიწყებთ შიდა და ქვემო ქართლიდან, სოფლებში წინასწარ იმუშავებენ ჩვენი ჯგუფები, მოსახლეობას მოაბილიზებენ და ორშაბათიდან გვინდა, რომ მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ აცრებთან დაკავშირებით მეტი მოტივაციის მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის საკოორდინაციო საბჭო გარკვეულ საკითხს განიხილავს. მისივე თქმით, წამახალისებელი ღონისძიება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული.

„ასევე, გვინდა, მეტი მოტივაცია გაჩნდეს აცრებთან დაკავშირებით, დღეს საბჭოზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი. ვიდრე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ამის შესახებ ვერ გეტყვით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა. სოფლის მოსახლეობაზე განიხილება სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიება, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.