ამირან გამყრელიძე - ​სახელმწიფო დადებითად უყურებს კერძო სექტორის ჩართვას ვაქცინაციაში, მაგრამ დიდი მწარმოებლები კერძო სექტორს ჯერ არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს 
ამირან გამყრელიძე - ​სახელმწიფო დადებითად უყურებს კერძო სექტორის ჩართვას ვაქცინაციაში, მაგრამ დიდი მწარმოებლები კერძო სექტორს ჯერ არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს 

​სახელმწიფო დადებითად უყურებს კერძო სექტორის ჩართვას ვაქცინაციაში, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჯერ დიდი მწარმოებლები კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„სახელმწიფო ძალიან დადებითად უყურებს კერძო სექტორის ჩართვას ვაქცინაციაში. ხშირი კომუნიკაცია მაქვს კერძო სექტორთან. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციის პროცესში, თითქმის 97-98 პროცენტი, ქვეყანაში მთლიანად ჩატარებული ვაქცინაციისა, მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ ყველა ვაქცინა, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რაც შემოდის, არის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს დაახლოებით ორი-სამი ვაქცინის შემოტანაში. ძირითადად, ეს არის გრიპის ვაქცინა. წელს მაგალითად, სახელმწიფომ იყიდა 235 ათასი გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა შემოიტანა ალბათ 40-დან 50 ათასამდე. წელს გვქონდა გრიპზე ყველაზე მაღალი მოცვის მაჩვენებელი. კერძო სექტორი მონაწილეობს გრიპის და თუ არ ვცდები კიდევ ერთი თუ ორი ვაქცინის შემოტანაში, მაგრამ ძალიან მინიმალური რაოდენობით. რაც შეეხება კოვიდს, პირიქით, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ აქვთ საშუალება, კი, მაგრამ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, თვითონ მწარმოებლები და დღეს დიდი მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი შეხედულებაა და გათვლები, რომ ეს დაიწყება დაახლოებით მაისის-ივნისის შემდეგ, კერძო გააქტივება. ხელს არავინ უშლის, პირიქით, ხელს უწყობენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა სახელმწიფოსთან და მწარმოებლებთან.

„იცით, რომ ზოგადად ვაქცინების წარმოებაში, ის, რისი იმედიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ჯერჯერობით ჩამორჩენაა სერიოზული მწარმოებლების მიერ. მათ ვერ დააკმაყოფილეს ამ ეტაპზე ევროკავშირის მოთხოვნილება, ასევე კოვაქსის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმდენად სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ თებერვალ-მარტ-აპრილში უკვე წარმოება დაეწევა იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი. როცა ვალდებულებები სახელმწიფოების მიმართ შესრულდება, მაშინ იქნება კერძო ინიციატივებიც. ძალიან ბევრი კომპანია ჩვენც გვიკავშირდება, არა ქართული, არამედ უცხოური კომპანიებიც. ამასთან, მინდა იცოდეთ, რომ წამლისა და ვაქცინების წარმოებაში დაახლოებით 10 პროცენტი არის ე.წ. ფალსიფიცირებული წამლები. ანუ წამლის მსოფლიო ბრუნვა დაახლოებით არის ერთი ტრილიონი დოლარი. წარმოიდგინეთ, იქიდან 100 მლრდ დოლარამდე არის ფალსიფიცირებული. როცა ასეთი ემერჯენსი სიტუაცია არის ხოლმე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ცდუნებაა ფალსიფიცირების. უკვე გამოჩნდა კიდეც მსოფლიოში, იყო ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში, სადაც თაღლითები ცდილობენ, გაასაღონ ფალსიფიცირებული წამლები, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ჩვენ საქმეს ვიჭერთ სახელმწიფოებთან და მწარმოებლებთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი