ამინდის გაუარესების გამო, ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია შესაძლოა, შეწყდეს
ამინდის გაუარესების გამო, ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია შესაძლოა, შეწყდეს

ტაილანდში ბავშვების გამოქვაბულიდან გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, შესაძლოა შეწყდეს, რადგან მოიღრუბლა და წვიმას ელოდებიან.

გამოქვაბულიდან მაშველებმა ხუთი ბავშვი უკვე გამოიყვანეს. ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვები მშობლებს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ნახავენ. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილმა ბავშვებმა ტაილანდური კერძი Phad Ka Pao მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამაშველო ოპერაცია გუშინ დაიწყო და მაშველებმა მღვიმიდან ოთხი ბავშვი გამოიყვანეს. როგორც მთავრობა ამტკიცებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები საავადმყოფოში რჩებიან.

11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.