ამერიკულმა სამოგზაურო გამოცემამ საქართველო 2019 წლის 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა
პოპულარულმა ამერიკულმა სამოგზაურო გამოცემამ (Thrillist) საქართველო 2019 წლის 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულ გამოცემას თვეში 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. სიაში საქართველოსთან ერთად რუმინეთი, პოლონეთი, მონტენეგრო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნეპალი და სხვა ქვეყნები მოხვდნენ. ეს ის ადგილებია, სადაც გამოცემა ამერიკელ ტურისტებს მოგზაურობას ურჩევს.
ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო.
„ახალი ტურისტული შემოთავაზება, უძველესი სამყარო მასპინძლობითა და სითბოთი – ეს საქართველოა“, – წერს ბენჯამინ კემპერი.
„მსოფლიო რუკაზე საქართველოს მოსაძებნად თვალის მოჭუტვა დაგჭირდებათ, მაგრამ ამ ქვეყნის მცირე გეოგრაფიულმა ზომამ არ მოგატყუოთ, საქართველოში ყველაფერი შთამბეჭდავია – ხაჭაპურიდან დაწყებული, ცეცხლოვანი ფოლკლორული ცეკვებით გაგრძელებული. აქ იხილავთ კავკასიონის შთამბეჭდავ მთებს, რომლებიც მდელოებს გადაჰყურებს.
საქართველომ ბოლო პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, ქვეყანაში დაამარცხეს კრიმინალი, ააშენეს გზები, ახალი აეროპორტები, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია დაიწყო.
რა არის დღეს საქართველოში ყველაზე „საშიში“? ეს ჭაჭაა – მაღალგრადუსიანი სასმელი, რომლის გასინჯვასაც ადგილობრივები ყველგან გთავაზობენ.
საქართველოში შეგიძლიათ სალაშქროდ ჩახვიდეთ, ახალი ტრანსკავკასიური სამთო ბილიკი ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში გადაგისვრით. იქ, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება, შეგიძლიათ მრავალფეროვანი კერძები დააგემოვნოთ. ცომში გამოყვანილი უგემრიელესი წვნიანი კერძები, მცენარეული სალათები და ნიგვზიანი საჭმელები. სადაც უნდა წახვიდეთ, საქართველოში ყველგან დაგხვდებათ უძველესი სამყაროსთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობა, ყველა შესახვევში ღვინოს იპოვით. ეს არის სასმელი, რომელიც ქართველებმა ანტიკურ პერიოდში გამოიგონეს.
არ დაგავიწყდეთ გერგეტის სამებაზე ასვლა. ეს არის სანთლებდაღვენთილი სალოცავი, რომელიც მე-14 საუკუნეში ღრუბლებზე მაღლა ააშენეს. გერგეტის სამება ევროპის სიდიდით მე-5 მწვერვალის, მყინვარწვერის ჩრდილშია მოქცეული – იქ, სადაც ღმერთებმა პრომეთე ცეცხლის მოპარვისთვის მიაჯაჭვეს“, – წერს ბენჯამინ კემპერი.