ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი ენდრეს ვიმბუში - სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, ვფიქრობ, ქართველებმა ახლა უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და გააგრძელონ სვლა წინ, ის წარსულია და ციხიდან ექვს წელიწადში გამოვა
ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი ენდრეს ვიმბუში - სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, ვფიქრობ, ქართველებმა ახლა უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და გააგრძელონ სვლა წინ, ის წარსულია და ციხიდან ექვს წელიწადში გამოვა

ჩემი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, სამწუხაროდ, მას ჰყავს მეგობრები ვაშინგტონში და ბრიუსელში, რომლებიც ასე ამაყად ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. როდესაც პრეზიდენტი იყო, მან ასეთ ადამიანებს დახმარება გაუწია, – ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ „რადიო თავისუფლების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარმა, ენდერს ვიმბუშმა განუცხადა.

​როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობს, თუმცა ის არც მსხვერპლია და არც პოლიტიკური პატიმარი.

„სააკაშვილმა 2012 წლის შემდეგ საკუთარი არჩევანი გააკეთა, საკუთარი სურვილით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ის ჯერ წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ პოლონეთში, უკრაინაში, ნიდერლანდებში – საინტერესო ფაქტი ისაა, თუ ვინ აფინანსებდა მის ამ მოგზაურობებს, ეს უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. ვიღაცამ აუცილებლად უნდა დაუსვას მას ეს კითხვები. შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა და ბოლოს უკრაინიდან საქართველოში ჩავიდა დესტაბილიზაციის მიზნით. მე არ მაქვს სააკაშვილის მიმართ სიმპათია. ის არ იყო კარგი პატრიოტი. ის დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოს მიერ. მან იცოდა, რომ როცა საქართველოში დაბრუნდებოდა, დაიჭერდნენ, თუმცა ამის არ სჯეროდა. ის დააპატიმრეს და წაუყენეს ახალი ბრალიც. არ მგონია, ახლა რაიმის გაკეთება შესაძლებელი იყოს. მან ყველა ეს არჩევანი თავად გააკეთა და ის აქ მსხვერპლი არ არის,“- აცხადებს ვიმბუში.

მისი თქმით, სააკაშვილი სამართლიანად არის გასამართლებული და მსხვერპლნი ის ადამიანები არიან „რომლებიც სააკაშვილის გამო დაზარალდნენ“.

ამასთან, ვიმბუში ევროპარლამენტარების შეფასებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.

„ჩემი პოზიციაა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. სამწუხაროდ, მას ჰყავს მეგობრები ვაშინგტონში და ბრიუსელში, რომლებიც ასე ამაყად ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. როდესაც პრეზიდენტი იყო, მან ასეთ ადამიანებს დახმარება გაუწია. დააფინანსა მათი კვლევითი ცენტრები და გააკეთა ყველაფერი, რათა ამ ადამიანებისთვის ესიამოვნებინა. ვფიქრობ, ქართველებმა ახლა უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და გააგრძელონ სვლა წინ. ბატონი სააკაშვილი წარსულია და ის ციხიდან ექვს წელიწადში გამოვა. იმედი მაქვს, ის ამის შემდეგ მშვიდად წავა პოლიტიკიდან, ან თუ სურვილი ექნება, იყოს პოლიტიკოსი დარჩება პოლიტიკაში,“- აცხადებს ვიმბუში.

მისი აზრით, საქართველოში პოლიტიკური ელიტა საკუთარ თავზე ზრუნავს და არა მოქალაქეებზე, რაც უნდა შეიცვალოს და აქვე აცხადებს, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

„საქართველოში სრულყოფილი დემოკრატია არ არის და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. 2012 წლიდან მოყოლებული ყველა გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა ამბობს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი. მათ თქვეს, რომ იყო გარკვეული პრობლემებიც, რაც უნდა გამოსწორდეს. ამიტომ მე ვურჩევ საქართველოს მოსახლეობას, იარონ წინ. საქართველოს პრობლემა მგონია ის არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყანაზე იზრუნებს. ისინი უმეტესად საკუთარ თავზე არიან ორიენტირებულები. ეს უნდა შეიცვალოს და მჯერა, რომ შეიცვლება. რაღაც მომენტში პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს რეალური ცვლილებები და გეოპოლიტიკური სტრატეგია სჭირდება,“ – აცხადებს ენდერს ვიმბუში.