ამერიკული მედია „ინდიანასა“ და „ბოსტონს“ გაცვლას ურჩევს, სადაც ბითაძეც ფიგურირებს #1TVSPORT
NBA-ში პლეიოფები აქტიურად მიმდინარეობს. შემდეგ ეტაპზე გამსვლელების ვინაობა თითქმის ყველა წყვილში გაირკვა და გულშემატკივარი კონფერენციების ნახევარფინალებში უკვე რამდენიმე საინტერესო დუელსაც ელოდება. პარალელურად, რა თქმა უნდა, საუბრები არ წყდება იმ შესაძლო გაცვლებზე, რომლებსაც გუნდები შემდეგი სეზონის დაწყებამდე განახორციელებენ.
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა Bleacherreport-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც პლეი ოფის მიღმა დარჩენილ გუნდებს გაცვლების იდეებს სთავაზობს. ამ იდეებში კი „ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძეც არის მოხსენიებული. გამოცემა „ინდიანას“ გოგა ბითაძისა და ჯერემი ლემბის, „ბოსტონის“ კალათბურთელებში, ტრისტან ტომპსონსა და კარსენ ედვარდში გაცვლას ურჩევს.
შეგახსენებთ, რომ ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როცა Bleacherreport-ის სტატიაში ბითაძე სავარაუდო გაცვლებში ფიგურირებს. პირველ შემთხვევაში გამოცემა ქართველი კალათბურთელის აყვანას „ჰიუსტონ როკეტსს“ ურჩევს.
„გუნდს პლეიოფამდე ერთი თამაში დააკლდა, რაც შეიძლება მარტივად გამოსწორდეს, თუ კარის ლევერტი და ტი ჯეი უორენი მთელი სეზონის განმავლობაში ითამაშებენ. „ინდიანას“ სჭირდება დახმარება ფარზე, რადგან მოხსნების პროცენტული მაჩვენებლით წელს გუნდმა 29-ე ადგილი დაიკავა (47.6%).
ტომპსონი სასტარტო შემადგენლობისთვის კარგია, მაგრამ ასევე მაილს ტერნერის კარგი შემცვლელიც იქნება. 30 წლის ცენტრი მოხსნების პროცენტული მაჩვენებლით დღეს მოთამაშე კალათბურთელებს შორის მე-4 ადგილზე იმყოფება (13.7%) და „პეისერსს“ შეტევაში გარკვეულ სიმტკიცეს შემატებს. ედვარდსი კი „ინდიანას“ სათადარიგო სკამიდან აქტიურად დაეხმარება.
„ბოსტონი“ მზად უნდა იყოს სასტარტო ხუთეულის წევრად აქციოს რობერტ უილიამსი, იმ შემთხვევაში თუ ეს გაცვლა განხორციელდება. ლემბი „სელტიკსს“ პერიმეტრიდან ქულების მოგროვებაში დაეხმარება, რაც გუნდს ძალიან დასჭირდება, თუ ფურნიე თავისუფალი აგენტი გახდება. ბითაძე 2019 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში აირჩიეს, ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და „სელტიკსისთვის“ უილიამსის იდეალური შემცვლელი იქნება.“
ბითაძე 2020-21 წლების სეზონში საშუალოდ 12.5 წუთში 5.1 ქულას, 3.3 მოხსნას, 0.8 პასსა და 1.2 დაფარებას აგროვებდა.