ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ბრიტანეთს ირანის საკითხში დონალდ ტრამპის პოზიციის გაზიარებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ბრიტანეთს ირანის საკითხში დონალდ ტრამპის პოზიციის გაზიარებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ბრიტანეთს ირანის საკითხში დონალდ ტრამპის პოზიციის გაზიარებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური ვაშინგტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ „შესაბამისი სერიოზული სავაჭრო ზომების“ მიღებით იმუქრება. აღნიშნულ საკითხზე დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ელჩმა, ვუდი ჯონსონმა Sunday Telegraph -თან ინტერვიუში ისაუბრა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მიიღოს. ვუდი ჯონსონის განმარტებით, ოფიციალურმა ლონდონმა ევროპელი პარტნიორების პოზიცია უნდა უარყოს, რომლებიც ირანთან ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობენ.
„აშშ ზეწოლას გააძლიერებს. ჩვენ გვსურს, დიდმა ბრიტანეთმა ვაშინგტონის პოზიცია გაიზიაროს. 2015 წელს მიღწეული მცდარი შეთანხმების დატოვების დრო დადგა. ჩვენ მოვუწოდებთ დიდ ბრიტანეთს, ამ საკითხში საკუთარი დიპლომატია და გავლენა ჩვენს სასარგებლოდ გამოიყენოს. დონალდ ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებიც ირანთან საკუთარ კომერციულ ინტერესებს გლობალურ სარგებელზე მაღლა აყენებენ, აშშ-თან ვაჭრობის საკითხში სერიოზული პრობლემები შეექმნებათ“,- აღნიშნა ვუდი ჯონსონმა.

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას 2018 წლის მაისში გამოეთიშა. მას შემდეგ ოფიციალური ვაშინგტონი აღნიშნული დოკუმენტის დატოვებისკენ სხვა წევრ სახელმწიფოებს აქტიურად მოუწოდებს. თუმცა გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების თანახმად, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე დაკისრებული ვალდებულებები სრულდება.

გასულ კვირას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა. აკრძალვების კიდევ ერთი პაკეტი კი ნოემბერში ამოქმედდება. ისინი ირანის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.