ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა.

ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.

ასობით ადამიანი შეიკრიბა ნიუ იორკში, ლოს ანჯელესსა და ბოსტონში უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად. უკრაინის ათობით მხარდამჭერი შეიკრიბა თეთრ სახლთანაც.

უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები და უკრაინის დროშები ეკავათ აქციის მონაწილეებს ვერმონტის ერთ-ერთი სათხილამურო კურორტისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა.

ამერიკული მედიის ცნობით, დემონსტრაციის გამო ვენსსა და მის ოჯახს სხვა ადგილას გადასვლა მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ ვერმონტის ქალაქ ვეითსფილდში საპროტესტო აქცია ტრამპისა და ვენსის ადმინისტრაციის წინააღმდეგ თეთრ სახლში ზელენსკისთან შეხვედრამდე დაიგეგმა. თუმცა ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ თეთრ სახლში მომხდარმა აქციაში მონაწილეობისკენ უფრო მეტ ადამიანს უბიძგა. ჯეი დი ვენსისა და მისი ოჯახის ვერმონტში ჩასვლამდე შტატის გუბერნატორმა, ფილ სკოტმა ხალხს მოუწოდა, რომ ვიცე-პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს პატივისცემით მოეპყრონ.

„მივესალმები ვიცე-პრეზიდენტს და მის ოჯახს ვერმონტში და ვიმედოვნებ, რომ ისინი ისიამოვნებენ აქ უქმეებით. გასაკვირი არაა, რომ მათ ვერმონტი აირჩიეს, ამ ზამთარს ჩვენ ბევრი თოვლი გვაქვს, რაც კარგია ჩვენი ეკონომიკისთვის. ვიმედოვნებ, ადგილობრივებს ეხსომებათ, რომ ვიცე-პრეზიდენტი აქ ოჯახური მოგზაურობის ფარგლებში შვილებთან ერთად იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ყოველთვის არ ვეთანხმებოდეთ მას, ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ“, – განაცხადა გუბერნატორმა, რომელიც დონალდ ტრამპის ამომრჩეველი არ ყოფილა.

გავრცელებული ცნობით, ვეითსფილდში ასევე გაიმართა კონტრაქციები დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, დემონსტრაციები გაიმართა აშშ-ში ილონ მასკის კომპანია „ტესლას“ მაღაზიებთან. აქციის მონაწილეები ხარჯების შესამცირებლად მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, ილონ მასკის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნიუ იორკში, „ტესლას“ ოფისთან გამართულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა ცხრა ადამიანი დააკავეს.