ამერიკის სენატმა საფრანგეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჩარლზ კუშნერის დანიშვნას მხარი დაუჭირა
ამერიკის სენატმა მხარი დაუჭირა ჩარლზ კუშნერის კანდიდატურის დამტკიცებას საფრანგეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე. ამის შესახებ იუწყება „სიენენი“.
ჩარლზ კუშნერი დონალდ ტრამპის ქალიშვილის, ივანკას მამამთილია. მის კანდიდატურას 51-მა სენატორმა მისცა ხმა, 45 კი წინააღმდეგ იყო. კუშნერი არის დეველოპერი, რომლის შვილი, ჯარედ კუშნერი, დაქორწინებულია ივანკა ტრამპზე.
2020 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ტრამპმა შეიწყალა მძახალი, რომელიც 2005 წელს ფედერალური ბრალდებებით იყო მსჯავრდებული.
კერძოდ, 2005 წელს კუშნერმა თავი დამნაშავედ ცნო გადასახადებისგან თავის არიდებაში და მოწმის წინააღმდეგ შურისძიებასა და ფედერალური საარჩევნო კომისიისთვის ტყუილის თქმაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთში დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსანი. იგი იმ დოკუმენტების გაყალბებაშია ეჭვმიტანილი, რომლებმაც გაუადვილა აშშ-ის პრეზიდენტის სიძის, ჯარედ კუშნერის კომპანიას ბელგრადში ლუქს სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.