დაჭრილმა ქართველმა ჯარისკაცებმა კალიფორნიაში 38 მედალი მოიპოვეს
დაჭრილმა ქართველმა ჯარისკაცებმა კალიფორნიაში 38 მედალი მოიპოვეს

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა 12-მა დაჭრილმა ჯარისკაცმა კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი დაახლოებით 200 მონაწილე სპორტის რვა სახეობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ტურნირები 2 მარტს დაიწყო და 9 მარტს დამთავრდა.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს, აქედან 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. საქართველოს წარმომადგენელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა შვიდ ტურნირში მიიღეს. კალათბურთის ფინალურ მატჩში მათ ამერიკის გუნდი დაამარცხეს და წლის ჩემპიონები გახდნენ. ჯარისკაცებმა ასევე იასპარეზეს მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტსა და მიზანში სროლაში.

დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან. 2019 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მიიღეს მონაწილეობა. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.

ქართველმა ჯარისკაცებმა 2019 წლის თამაშები შემდეგი შედეგებით დაამთავრეს:

ჯონი თოფურია – 5 ოქრო

რეზო გორგაძე – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

ახმედ საფაროვი – 3 ოქრო, 1 ბრინჯაო

ალუდა სეთურიძე – 2 ოქრო, 2 ბრინჯაო

ალიკა გითოლენდია – 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

გოგიტა ხოზრევანიძე – 1 ოქრო, 1 ვერცხლი

დავით ნარეშელაშვილი – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო

გრიგოლ მინაგორაშვილი – 1 ოქრო

გუგა ჩიმახიძე – 1 ოქრო

ჯიმშერ ჩხენკელი – 1 ოქრო

არჩილ აბულაძე – 1 ოქრო

ლაშა სურმანიძე – 3 ვერცხლი