ამერიკიდან ჩამოსული ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს
ამერიკიდან ჩამოსული ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

მონდგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ გურულის განცხადებით, ამ ეტაპზე ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროება არ არსებობს. მისივე თქმით, ტრანსპორტირებამ შესაძლოა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

„დღეს შეიკრიბა მკურნალი გუნდი, მოვიდა ნეიროქირურგი, რეანიმაციის გუნდთან ერთად განვიხილეთ ყველა შესაძლო სტრატეგია და გართულება, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა გართულება შეიძლება, მოხდეს, რა მიმართულებით შეიძლება, წავიდეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აუცილებლად ვითვალიწინებთ ვერსიას საზღვარგარეთ გადაყვანის თაობაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლით, რომ არ არის საჭირო, რადგან გადაყვანის პოცესში მიღებული ტრავმა შეიძლება, უფრო სერიოზული და საზიანო აღმოჩნდეს არსებული მდგომარეობისათვის“,- განაცხადა ზურაბ გურულმა.

ექიმის განმარტებით, ზოგადი კლინიკური მდგომარეობა არ  შეცვლილა და ისევ სტაბილურად მძიმე რჩება.

„შემდგომი 24-48 საათის განმავლობაში ალბათ არ უნდა ველოდოთ მკვეთრ ცვლილებას. დაკვირვება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. კომპიუტერული ტომოგრაფია მონიტორინგის საშუალებაა, რომ შევაფასოთ დაზიანებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოხდა თუ არა თვალით შესამჩნევი არსებითი ცვლილება. არ აქვს დროზე ადრე გაკეთებას აზრი, თუ თვალით შესამჩნევი ცვლილება არ იქნა. შევთანხმდით, რომ მეც აქ ვიქნები, როდესაც მოხდება პაციენტის გადაყვანა ახალი ტომოგრაფიის სურათის გადასაღებად.  ალბათ ეს მოხდება 24-48 საათის განმავლობაში და შემდეგ იმ ახალი სურათის საფუძველზე ვიმედოვნებ, უფრო შესაძლებელი იქნება, მოხდეს შეფასება არსებული სიტუაციის და შემდგომი რეაბილიტაციის გარკვეული ჩარჩოების მოხაზვა“ ,- განაცხადა ზურაბ გურულმა.